დააკავეს მედდა, რომელიც თანხის სანაცვლოდ აუცრელ პირებს ვაქცინირებულად არეგისტრირებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით სამეგრელოში ერთი მედდა დააკავა. მედდა მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა  იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირებს, რის სანაცვლოდაც თანხას იღებდა.

უკვე მხილებულია 15 მოქალაქე, რომლებმაც 300 ლარამდე გადაიხადეს აცრილთა ბაზაში მოხვედრის სანაცვლოდ.

“სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას.

დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის – 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები”, – წერია განცხადებაში.