ვინ არის და რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრად მუშაობა ყველაზე კრიტიკულ პერიოდში მოუწევს, თუმცა მას ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. პრემიერმა მისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ჩაბარება იმით ახსნა, რომ “ექიმის ოჯახშია გაზრდილი” და “5 შვილის მამაა”.

როგორც თავდაცის სამინისტროს ვებგვერდზე აზარაშვილის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, მას ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი აქვს, რომელიც “ESM ბიზნეს სკოლაში” 1995-1999 წლებში მიიღო. ამავე ბიზნეს სკოლაში აზარაშვილმა მაგისტრის ხარისხი 2007-2009 წლებში მიიღო.

მან კარიერა თიბისი ბანკში, 2001 წელს საკრედიტო სესხების ექსპერტის პოზიციაზე დაიწყო. ამავე წელს ის გახდა თიბისი ბანკის ბუღალტერი და საკრედიტო მენეჯერი, თუმცა ამ სამსახურში მან არასრული 2 წლით იმუშავა.

2002 წლიდან ის “ქართუ ბანკში” გადავიდა და საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტად დასაქმდა. ბიძინა ივანიშვილის ბანკში 2008 წლამდე მან კიდევ 2 თანამდებობაზე იმუშავა – პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროს სპეციალისტად და ამავე განყოფილების უფროსად.

2008 წლის ივნისში ზურაბ აზარაშვილი “კორ სტანდარტ ბანკში” გადავიდა საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსად, 2013 წელს გახდა კი ოპერაციების დირექტორი. 2014 წლიდან 2020 წლამდე ის “ტერაბანკის” კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც თბილავიამშენის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

მალევე მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორის პოზიცია დაიკავა, შემდეგ კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მოგვევლინა. დღეს ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო ჩაიბარა, რომლის ბიუჯეტი 6 მილიარდს შეადგენს.

რა ქონებას ფლობს ახალი მინისტრი?

2021 წლის 17 აპრილს ჩაბარებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ აზარაშვილმა 2017 წელს თბილისში 40 000 დოლარად მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად იყიდა. სხვა უძრავი ქონება მას არ აქვს მითითებული.

დეკლარაციის შევსებისას საქართველოს ბანკის ანგარიშზე მას 23 594 ევრო ჰქონდა, ანაბარზე – 2606 ლარი, “ტერა ბანკის” ანაბარზე 1 313 ევრო, ამავე ბანკი დეპოზიტზე კი 1860 დოლარი. მან ავტომანქანის გაყიდვის შედეგად 20 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება მის სახელფასო ანაზღაურებას, აზარაშვილისთვის 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. მან დელტას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ამ წელს, მხოლოდ 9 თვეში 58 362 ლარის ანაზღაურება მიიღო, შპს “დელტა ინტერენეიშენალის” წარმომადგენლობისთვის კი 4 643 ლარი. ამავე წელს, დაახლოებით 7 თვის ხელფასი თბილავიამშენში 46 199 ლარი ჰქონდა, ხოლო ტერა ბანკის კომერციული დირექტორობისთვის ერთ წელში 174 870 ლარი გადაუხადეს.