მიხალკოვის ქორწილში ზურგზე ფეხებს ირტყამდნენ, დღეს პატრიოტიზმისკენ მოგვიწოდებენ – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მასაც პროტესტი გააჩნია.

“მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის პროტესტი პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად სამართლიანი და ძალიან არასწორია, როცა ასეთი რაღაცების თავიდან აცილება არ ხდება. პირდაპირ გეტყვით, ზუსტად ისეთი პროტესტი გამაჩნია მე, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და უფრო მეტიც, რუპორია პირდაპირ კრემლის ამ საკითხთან დაკავშირებით”,– ამბობს ის ტვ პირველთან ინტერვიუში, თუმცა აღნიშნავს, რომ პროტესტის გამოხატვისას “სოლიდურობა” არ უნდა დაკარგო.

“არის მეორე საკითხი – როგორ გამოხატავ ამ პროტესტს. ჩემი აზრით, არის რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანი არ უნდა გადავიდეს. ასეთი ნაძირალა საქართველოს მტერი ბევრია, მაგრამ სოლიდურობა და წონასწორობა არ უნდა დაკარგო ამ პროტესტის გამოხატვის დროს. რაც შეეხება ტურიზმს, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ერთადერთი ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში დატოვებული და, ჩემი ზრით, ასეთი აჟიოტაჟი და გამოხატვის ფორმები, რაც მე ვნახე, არ არის სწორი.

პოლიტიკოსი იმისთვის არის პოლიტიკოსი, რომ ემოციების გაღვივებისკენ და ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არ უნდა იყო მიმართული. პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმას ავირჩევდი – მაგალითად მისვლა იგივე და დადგომა იქ და ჩვენება, რომ ჩვენება, რომ თქვენი ჩამოსვლა არ არის მისასალმებელი მოსახლეობისთვის”, – ამბობს კვირიკაშვილი.

მისივე განცხადებით, აღმაშფოთებელია, რომ ის ადამიანები “ვინც ნიკიტა მიხალკოვის ქორწილში ზურგზე ფეხებს იტყამდნენ, დღეს გამოდიან და პატრიოტიზმისკენ მოუწოდებენ მათ, ვისაც მათგან არ აქვთ შენიშვნა მისაღები”.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ჯობდა, პოზნერი ქვეყანაში არ შემოსულიყო და ხელისუფლებას ყველაფერი უნდა ეღონა.