მათი გუნდის განცხადებები ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ თითის გაშვერა იყო, არც ერთ მათგანს პუტინის რეჟიმი არ უხსენებია – ბოკერია ხელისუფლებას

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაცის თაობაზე მმართველი გუნდის განცხადებები ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ თითის გაშვერა იყო. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არც ერთ მათგანს პუტინის რეჟიმი არ უხსენებია და ფაქტი არ დაუგმია, რაც რისკებს ზრდის.

„ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმებოდა. ეს ინფორმაცია დაადასტურა სუს-მა. ჩვენ მედიის საშუალებით გავიგეთ სხვა მონაცემებიც, კერძოდ, პრაქტიკულად დადასტურებულია, ოღონდ მტკიცებულებები არ გვაქვს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის სპეცსამსახური დაგვეხმარა, დადასტურებულია ადამიანის გვარი და შესაძლო „ლინკი“ მისი პუტინის რეჟიმის წარმომადგენლებთან, კერძოდ, კადიროვთან. ეს არის უმძიმესი რამ. კარგია, რომ ამ ტიპის დაკავება მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურის საშუალებით მოხდა, მაგრამ ჩვენთვის ყველასთვის საგანგაშოა ის რეაქცია, რაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოვისმინეთ. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის, პრემიერის, მათი სპიკერების, გუნდის განცხადებები და ყველა ეს განცხადება იყო თითის გაშვერა ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ. არც ერთ მათგანს არ უხსენებია პუტინის რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია. თუ ისეთი ვითარებაა, რომ ჯერ გამოძიება გრძელდება და ხელისუფლებისთვის შესაფერისი მომენტი არ არის თქვას, რომ ჩართული იყვნენ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები, კადიროვი ან ვინმე სხვა, მაშინ რატომ აკეთებენ განცხადებებს ოპონენტების წინააღმდეგ? გამოძიება არ დასრულებულა და ის, რაც ზედაპირზე დევს, გაბუნიას ინციდენტის დროს კადროვის მუქარის შემდეგ, რომელიც მან ახლა გაიმეორა, როგორ შეიძლება არსებობდეს საფუძველი ოპონენტების წინააღმდეგ. თუკი იმის უფლებას არ აძლევენ თავს, რომ რაზეც გვაქვს მართლაც ლეგიტიმურ ეჭვი, მინიმუმ რუსეთზე და პუტინის ხელისუფლებაზე, იმაზე არ აკეთებენ განცხადებას, რით შეიძლება აიხსნას ნორმალური ხელისუფლების მხრიდან ასეთი სამარცხვინო ნაბიჯები. ვიმეორებ, აქ ოპოზიციის რეპუტაცია კი არ არის მთავარი პრობლემა, აქ არის რისკები მთელი ქვეყნისთვის და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, ასეთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება რუსეთზე და პუტინის რეჟიმზე ღიად არ საუბრობს და საერთაშორისო საზოგადოებას არ ატყობინებს, ეს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის რისკებს ზრდის.

„ეს მომავალში ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, პოლიტიკოსისთვის, მედიის წარმომადგენლისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის რისკებს ზრდის, რომ პუტინის რეჟიმი კვლავ წავა ისეთ რისკზე, ტერაქტი ჩაიდიოს ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, ყველა ნორმალური ხელისუფლება ასეთ ვითარებაში მტერს პოლიტიკურ და საერთაშორისო საფასურს გადაახდევინებდა.

„აქ არ არის საუბარი, ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ – ოპოზიციაში. როცა მტრული სახელმწიფო შენს ტერიტორიაზე დიდი ალბათობით, ტერაქტს გეგმავს, როცა ამ სახელმწიფოს ლიდერები პირდაპირ ემუქრებიან შენს მოქალაქეს, ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დროს ფასს ახდევინებს მტერს- პოლიტიკურსა და საერთაშორისოს. ეს არის ჩვენი შემაკავებელი ფაქტორი. ამის მაგივრად გვესმის გზავნილები, რომელიც ეხმარება საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოსა და ოკუპანტს, რომ შემდგომში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს“,-განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.