სანქციები რუსეთის ეკონომიკას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებს–New York Times

ახალი უმკაცრესი სანქციები, რომლითაც პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ემუქრება, რუსეთის მთელ ეკონომიკას მიაყენებს ზიანს, ასევე სხვა ქვეყნის ეკონომიკებსაც – წერს გამოცემა New York Times.

აშშ–ს ხელისუფლება მკაცრი ეკონომიკური ზომების გამოყენებით იმუქრება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მათ შორის არის სანქციები მისი უმსხვილესი ბანკების და საფინანსო დაწესებულებების წინააღმდეგ, რაც გარდაუვლად მოახდენს გავლენას რუსეთის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სანქციებმა შეიძლება ინფლაციის აფეთქება, საფონდო ბირჟის კრახი და ფინანსური პანიკა გამოიწვიოს, რომელიც ყველას შეეხება – მილიარდერებიდან დაწყებული სახელმწიფო ჩინოვნიკებით და საშუალო კლასის ოჯახებით დამთავრებული – წერს გაზეთი.

ახალი სანქციები, რომლებსაც ამერიკელი ჩინოვნიკები ამზადებენ რუსეთისთვის უცხოურ დაკრედიტებას ჩაჭრის, გაყინავს ობლიგაციებით ვაჭრობას და პუტინთან დაახლოებული პირების აქტივებს შეეხება.

თუმცა, ყველაზე სერიოზული ზიანი მიადგება რუსეთის სახელმწიფო ბანკებს და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების სამთავრობო ფონდს, რომლის საკონსულტაციო საბჭოში გამოჩენილი დასავლელი მმართველები შედიან. როგორც კი ამერიკის ფინანსთა სამინისტრო რუსულ ბანკებს სანქციების სიაში შეიტანს, რომელსაც ოფიციალური პირები “თამაში დამთავრებულია“–ს უწოდებენ, უცხოური ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში შეწყვეტენ ამ ბანკებთან ურთიერთობას, რაც დიდ გავლენას მოახდენს რუსულ კომპანიებზე – წერს New York Times.

გამოცემის აზრით აშშ–ს სანქციები რუსეთში უცხოურ დაკრედიტებას მინიმუმ 100 მილიარდი დოლარით შეამცირებს.

თუმცა, ამ სტრატეგიას პოლიტიკური და ეკონომიკური რისკებიც ახლავს. არცერთ ქვეყანას არასოდეს უცდია ფართომაშტაბიანი სანქციების შემოღება ისეთი დიდი ეკონომიკისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ “სწრაფმა და მკაცრმა“ პასუხმა, რომლის პირობა აშშ–ს ოფიციალურმა პირებმა დადეს, შესაძლოა სხვა მსხვილი ეკონომიკების რყევაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით ევროპაში, და საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი მსოფლიოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა.

რუსეთმა საპასუხოდ შესაძლოა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტოს და განახორციელოს კიბერშეტევები ევროპულ და ამერიკულ ინფრასტრუქტურებზე.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს სანქციებით დასაჯოს რუსეთის ნავთობისა და გაზის სფერო, რადგან ამან შეიძლება ამერიკელებისთვისაც გამოიწვიოს ბენზინის გაძვირება, გარდა ამისა, შესაძლოა გამოიწვიოს აშშ–ს უთანხმოება ევროპელ პარტნიორებთან – წერს გაზეთი New York Times.