უგულავას რაღაც არ მომწონს და შევდივარ, არ “იჭმევა” – ხუხაშვილი ელისაშვილზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ ოპოზიციური ერთიანობა დაირღვევა, ხელისუფლებას ექნება ბერკეტი, რომ პარლამენტში შესულები და გარეთ დარჩენილები “მოგუდოს”.

„ერთადერთი აქტივი რაც დღეს ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა, მეტი აქტივი მათ არ აქვთ. თუ ეს ერთიანობა დაირღვა სხვადასხვა მიზეზით, ნუ რა მნიშვნელობა აქვს… ობიექტური, სუბიექტური, ტყუილი, მართალი, თუ ერთიანობა დაირღვა ხელისუფლებას ძალიან მარტივი ბერკეტი აქვს – შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები – გარეთ “მოგუდოს”. ასე რომ აქტივს გაფრთხილება სჭირდებათ, თუ უნდათ, რომ რეალური შედეგი მიიღონ, როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე პოლიტიკური ინტერესებისთვის. მიზეზის ნახვა, მაგალითად, უგულავას რაღაც არ მომწონს და ამიტომ შევდივარ, პირდაპირ გეტყვით – ეს ძალიან სუსტი არგუმენტია და არ „იჭმევა”, – განაცხადა ხუხაშვილმა IPN–თან საუბრისას.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან და გარანტიებს მიიღებს, ის პარლამენტში შევა.

მისი თანაპარტიელის, ლევან იოსელიანის მტკიცებით, გიგა ბოკერიას ნაციონალური მოძრაობა მძევლად ჰყავს აყვანილი და რეალური შედეგის მიღწევა არ უნდათ.

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მოქალაქეების ლიდერი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს.