შეიარაღებული ძალები დიდ ძალისხმევას წევენ – პოდოლიაკი მარიუპოლის დებლოკადაზე

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი პასუხობს აზოვის პოლკის მოწოდებას და ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა თვალსაჩინო მომავალში გამოჩნდეს მარიუპოლის სამხედრო დებლოკადის შესაძლებლობა.

“რაც შეეხება მარიუპოლის სამხედრო დებლოკადის საკითხს, ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ექსკლუზიური კომპეტენცია. სამხედრო გზით განხორციელების ერთი შესაძლებლობა მაინც რომ ყოფილიყო, მას უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა გამოიყენებდა.

დღეს შეიარაღებული ძალები დიდ ძალისხმევას წევს, რათა ეს შესაძლებლობა თვალსაჩინო მომავალში გამოჩნდეს. მაგრამ სამხედრო ღონისძიებებისა და გეგმების საკითხი ნამდვილად არ არის საჯარო განხილვის საგანი”,– განაცხადა პოდოლიაკმა უკრაინული მედიის ცნობით.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს აზოვსტალში მყოფი უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. პოდოლიაკი უკრაინელებს ურჩევს, თავიანთი ენერგია არა უკრაინის ხელისუფლების, არამედ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებისა და საზოგადოებებისკენ მიმართონ, რათა მათ რუსეთზე ზეწოლა მოახერხონ.

“აზოვსტალის მცველები – აზოვის ბიჭები, პოლიცია, სასაზღვრო სამსახური, სამხედროები უკრაინის ცოცხალ სიმბოლოდ იქცა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ გადასარჩენად.

ჩემი აზრით, დღეს საზოგადოების ენერგია უნდა იყოს მიმართული არა ქვეყნის შიგნით სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისკენ, რადგან ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული გადაწყვეტილებების ძიებაზე, არამედ დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებებზე, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რათა რუსულ მხარეზე ზეწოლა მოახდინონ.

განსაკუთრებით მათ, ვისაც წლების განმავლობაში აქვს შესანიშნავი საქმიანი ურთიერთობა მათთან. გახდი შუამავალი. დაუმტკიცე რუსებს, რომ რეპუტაციას და ჰუმანიზმს აქვს მნიშვნელობა“,– აღნიშნა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, დღეს პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა თქვა, რომ აზოვსტალის ქარხნის დაბომბვა გრძელდება და ევაკუაცია არ დასრულებულა, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა და შეძლოს მებრძოლების გამოყვანა.