ცრემლსადენი გაზი მხუთავი აირის ნაცვლად – ღარიბაშვილმა წერილი ჩაასწორა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მწვავე კრიტიკის შემდეგ თავისი პოსტი ჩაასწორა და მხუთავი აირის ნაცვლად ცრემლსადენი გაზი დაწერა.

ღარიბაშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, რომელიც თქვა, რომ სააკაშვილი 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველის გამზირზე, “პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას”, შემდეგ კი სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა.

ამას პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა. “რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?”,– ასე გამოეხმაურა პრემიერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი. “პატარა, ჭორიკანა კაცის” განცხადება უწოდა ლევან ხაბეიშვილმა, ხატია დეკანოიძემ კი თქვა, რომ “ასეთი სიმდაბლე და არაადამიანურობა  პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი შეშურდებოდა.”