ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის მორჩილი მსახური – ღარიბაშვილი

“ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის მორჩილი მსახური”- ასე ეხმაურება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის კოალიციური გუნდის წარდგენას და მამუკა ხაზარაძეს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “მორჩილ მსახურს უწოდებს”.

“რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ? არცერთი არ იყო მანდ, ასე ვთქვათ, სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე, ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, დამნაშავის მორჩილი მსახური, ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ. ის იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი ამ მძიმე ფინანსური დანაშაულებების.

ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა, მე არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა, მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი, ეს იყო ტყუილი, საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნების განცდა, ზოგადად და არსებული სიტუაციის. მათ ჰგონიათ, რომ როგორც ატყუებდნენ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სამწუხაროდ, საუბედუროდ, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით, ასევე, ეგონათ, რომ მოატყუებდნენ”, — განაცხადა მან.