H1N1 და H3N2: რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი საქართველოში

{{ARTICLEIMAGE}}
“საქართველოში გრიპით დაავადებულთა მაქსიმალურ უმრავლესობას, 95 პროცენტს H1N1-ი აქვს, ხოლო მცირე რაოდენობას H3N2”, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპით დაავადების დინამიკა მზარდია, თუმცა ეპიდემიური ვითარება არ არის.

“ამ დროისათვის 221 დაავადებულია 100 000 მცხოვრებზე, საქართველოსთვის ეპიდემიის ზღვარი კი არის 450 -500 დაავადებული 100 000 მცხოვრებზე.”-აღნიშნა პაატა იმნაძემ, რომლის თანახმადაც გასულ კვირაში ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 185 ადამიანი იყო.

მისივე თქმით, H1N1-ით გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა 24 დეკემბერს აჭარაში დაფიქსირდა. პაატა იმნაძემ პაციენტის პირადი ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით არ დაასახელა, რა ტიპის გართულებამ გამოიწვია გრიპით დაავადებული ქალის გარდაცვალება.

53 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშო გარდაიცვალა. წინასწარი ლაბორატორიული კვლევით, მას H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის გართულებული ფორმა ჰქონდა. საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 17 დეკემბერს მიიყვანეს გრიპის უკვე გართულებული ფორმით და მას შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის რეგიონში ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსის სამი შემთხვევა. ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.