1 ადამიანი დაიღუპა ალჟირში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე. დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 63 ადამიანი. ალჟირის ეროვნული უშიშროების მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 7 სამოქალაქო პირი და 56 სამართალდამცველია. ალჟირის მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. 81 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკა 18 აპრილს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთე ვადით აპირებს მონაწილეობის მიღებას, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ აქციებში მონაწილეობა 800 000-მა ადამიანმა მიიღო. ქვეყნის დედაქალაქში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ძალადობისა და ვანდალიზმისთვის 45 დემონსტრანტია დაკავებული.