1 აგვისტოდან შესაძლოა სამ მაუწყებელს – რუსთავი2–ს, ტვ პირველს და საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას მაუწყებლობა შეუწყდეს. ამის შესახებ განცხადებას მულტიპლექს ოპერატორი, “სტერეო+“ ავრცელებს, რომელიც საქართველოს მაშტაბით ქართული ტელეარხების მაუწყებლობას ახორციელებს. მიზეზად დიდი დავალიანება სახელდება.
„1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ხელმძღვანელი, დავით ზილფიმიანი თანხას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ საუბარია ასეულ ათასობით დავალიანებაზე. მისი თქმით პოლიტიკა არაფერ შუაშია და გადაწყვეტილება მათი კომპანიის ვალდებულებებს უკავშირდება, რომელთა დაფარვას ტელეკომპანიების მიერ თანხების გადაუხდელობის გამო ვერ ახერხებენ.