1 იანვრიდან 112-ის მომსახურების საფასური 40 თეთრი გახდა

112-ის მომსახურების საფასური 2020 წლიდან გაორმაგდა. ის 2019 წლის 31 დეკემბრამდე ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი იყო.

მთავრობის ახალი დადგენილებით, გადასახადი როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის თანაბარი, 40 თეთრი იქნება.

საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან ის სოციალურად დაუცველი აბონენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია.

მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი გადასახადის არსებობა არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლოს განმარტებით, აბონენტებისთვის გასამრჯელოს დაკისრება ემსახურება 112-ის ხარჯების და მომსახურების ანაზღაურებას, არა უშუალოდ 112-ში საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების გაკეთებას, არამედ ამ შესაძლებლობის არსებობას.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მთავრობას მოსაკრებლის დაწესების უფლება არ ჰქონდა და ის საქართველოს პარლამენტს უნდა დაედგინა. კანონის მოსაწესრიგებლად საკონსტიტუციომ პარლამენტსა და მთავრობას 2019 წლის 31 დეკემბრამდე მისცა დრო.