1 ივლისიდან თბილისის მეტრო მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

1 ივლისიდან მეტროს მუშაობა დილის 06:00 საათზე დაიწყება და ღამის 11:00 საათზე დასრულდება-ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. მეტროს ახალი განრიგი სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც  პირველი ივლისიდან დაიწყება. კახა კალაძის განცხადებით, მეტროს მუშაობის დრო ერთი საათით შემცირდება. 

„მეტრო ჩვეულებრივად დილის 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ ერთი საათით ადრე, ღამის 11:00 საათზე დაამთავრებს მუშაობას. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ის სამუშაოები, რომელიც არის დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის უსაფრთხოება, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის და ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა  კალაძემ.

მეტროსადგურში დილასაც  შეფერხება იყო. “სადგურის მოედანზე” მყოფი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მეტრო თითქმის, ნახევარი საათით გაჩერებული იყო.