1 კგ ჰეროინის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ი.ბ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი. ბ. 2019 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1020.14 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერებას ჰეროინს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აცხადებს პროკურატურა.

2019 წლის 4 სექტემბერს ი.ბ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.