კომერციული ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის პირველი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება.
რეგულაციის მიხედვით, სესხის გამცემ სუბიექტებს ეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება.
კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება , რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველსაყოფადაა მიღებული.
“მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც. კომერციულ ბანკს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც”, – ვკითხულობთ სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის 11 ოქტომბრის ბრძანებაში.
აღნიშნული რეგულაცია 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ის რამდენიმე თვით გადაავადა.