#10YearChallenge შეიცვალა თუ არა მსოფლიო 10 წელიწადში

სოციალურ ქსელებში ახალი კამპანია დაიწყო – ათი წლის წინანდელი ფოტოების გაზიარება ჰეშთეგით #10YearChallenge. ქსელების მომხმარებლები იხსენებენ, რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში ათი წლის წინ და როგორც წესი, მსგავსი რეაქციები აქვთ: “ღმერთო ჩემო, როგორ დავბერდი!“. საინტერესოა, თუ გახსოვთ რა ხდებოდა მსოფლიოში ათი წლის წინ. 2009 წელს მაიკლ ჯექსონი მოკვდა, ბარაკ ობამა აშშ–ს პრეზიდენტი გახდა, მსოფლიო ღორის გრიპის ვირუსს ებრძოდა. ათი წლის მანძილზე ალბათ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, ცვლილებები შესაძლოა არც ისე მნიშვნელოვანი იყოს.

იგივე სახეები

ათი წლის წინ რომ დაგეძინათ და 2019 წლის იანვარში გამოგეღვიძათ აღმოაჩენდით, რომ ბევრ ქვეყანაში სამთავრობო კაბინეტებში იგივე ხალხი ზის.მათ შორის არიან ისინი, ვინც პროტესტის თუ გადატრიალების მცდელობის მიუხედავად ძალაუფლება შეინარჩუნა. არიან ისინიც, ვინც ხელისუფლებაში დასარჩენად კონსტიტუცია შეცვალა. არიან ისინიც, ვინც კოალიციური მთავრობის შექმნა შეძლო. ან უბრალოდ საპრეზიდენტო არჩევნების მრავალგზის გამარჯვებულები, ვინც პოსტს ათ წელზე მეტია ინარჩუნებს. ამ ფოტოს თამამად შეგვიძლია “მარადიულების გალერეა“ დავარქვათ:

{{ARTICLEIMAGE}}ზედა რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: ფეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო (ეკვატორიული გვინეა), ემომალი რახმანი (ტაჯიკეთი), ისაიას აფევერკი (ერითრია), ალექსანდრ ლუკაშენკო (ბელორუსი), ფორ ესოზიმნა გნასინგბე (ტოგო), ანგელა მერკელი (გერმანია), ილჰამ ალიევი (აზერბაიჯანი), პიერ ნკურუნზიზა (ბურუნდი), ევო მორალესი (ბოლივია).

შუა რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: პოლ ბიია (კამერუნი), ჯოზეფ კაბილა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ბენიამინ ნეთანიაჰუ (ისრაელი), მაჰმუდ აბასი (პალესტინის ტერიტორია), ნურსულთან ნაზარბაევი (ყაზახეთი), აბდელ აზიზ ბუტეფლიკა (ალჟირი), პოლ კაგამე (რუანდა), იოვერი კაგუტა მუსევენი (უგანდა), ომარ ალ ბაშირი (სუდანი).

ქვედა რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: ალი ბონგო ონდიმბა (გაბონი), იდრის დები (ჩადი), ვლადიმერ პუტინი (რუსეთი), დენი სასუ–ნგესო (კონგო), რეჯეპ ტაიპ ერდოგანი (თურქეთი), ისმაილ ომარ გელე (ჯიბუტი), ბაშარ ასადი (სირია), გურბანგული ბერდიმუხამედოვი (თურქმენეთი).

ათი წლის განმავლობაში კიდევ უფრო დათბა

უკვე ერთი საუკუნეა ვიცით რა გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა კლიმატის ცვლილებაზე, თუმცა ამ ცოდნის მიუხედავად ცოტა რამ თუ შეიცვალა კლიმატის ცვლილების პრობლემის მიმართ კაცობრიობის მიდგომასთან დაკავშირებით. გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების მისაღწევად მსოფლიო ლიდერებს 21 წელი დაჭირდათ.

2018 წლის დეკემბერში პოლონეთში გაეროს მსოფლიო კონფერენცია ჩატარდა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პარიზის კლიმატის შეთანხმების რეალიზაციის წესები მიღეს.თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ საკითხში პროგრესი უმნიშვნელო იყო, არადა პლანეტაზე ტემპერატურა ზრდას განაგრძობდა.

2009 წელს ნასას მონაცემებით დედამიწის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურამ 1951–1980 წლების ნიშნულთან შედარებით 0.63 გრადუს/ცელსიუსამდე მოიმატა. 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 0.9 გრადუსამდე გაიზარდა.

ისევ ისეთი ღარიბები

ბოლო ათ წელში შესამჩნევი ცვლილებებიც მოხდა. პირველ რიგში ეს ეკონომიკას ეხება. 10 წლის წინ ყველაზე მდიდრები მსოფლიოში ნავთობის და ფინანსური კომპანიები იყვნენ. 2018 წელს Financial Times Global 500 –ის რეიტინგის წამყვანი ადგილები ტექნოლოგიურ გიგანტებს უკავიათ – Apple, Google, Microsoft, Amazon და Tencent–ს.

მაგრამ უცვლელი დარჩა უზარმაზარი ნაპრალი ღარიბი ფენებისა და მდიდრების ცხოვრების დონეს შორის. უფრო მეტიც, ეს ნაპრალი უფრო გაიზარდა. ეს პროცესი განსაკუთრებით 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაჩქარდა.

ბრიტანეთის თემთა პალატის მონაცემებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოსახლეობის – 1%–ის სიმდიდრე 2008–2017 წლებში ყოველწლიურად 6% –ით იზრდებოდა, მსოფლიო მოსახლეობის 99%–ის შემოსავლები კი წელიწადში მხოლოდ 3%–ით იზრდებოდა.

ანალიტიკების პროგნოზით 2030 წლისთვის მსოფლიოს 1%–ის, ანუ ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება მსოფლიო სიმდიდრის 64% –ს მიაღწევს.

თანასწორობამდე ისევ შორია


მიუხედავად 2018 წელს ატეხილი დიდი ხმაურისა ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების შესახებ, რეალურად მათთვის დიდად არაფერი შეცვლილა.

რა თქმა უნდა, არის ცვლილებები – მაგალითად ეგრეთწოდებული აფსქერთინგი, ანუ კაბის ქვეშ ფარული ფოტოგადაღება ბრიტანეთში დანაშაულად აღიარეს. სამხრეთ კორეაში ერთ–ერთი პორნოსაიტი დაიხურა, სადაც ფარული კამერით გადაღებული შიშველი ქალების ფოტოები ქვეყნდებოდა. საუდის არაბეთში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრების და მანქანის მართვის უფლება მისცეს. ინდოეთში ქალებს სიწმინდეებთან მიახლოების უფლება მისცეს, სადაც ადრე მხოლოდ მამაკაცები დაიშვებოდნენ.

ამის მიუხედავად ბევრ ქვეყანაში ქალების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ნეპალში ქალები იძულებულნი არიან მენსტრუაციის დღეებში სპეციალურ ქოხებში იცხოვრონ. ინდოეთში გოგონები კვლავ ძალადობის მსხვერპლნი არიან. სალვადორში დღემდე ქალს აბორტის გაკეთების გამო ციხე ემუქრება. და კვლავ ყველაზე საშიშ ადგილად უამრავი ქალისთვის საკუთარი სახლია, სადაც ძალადობას ყველაზე მეტად განიცდიან.

გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა იმდენად ნელა მიმდინარეობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების შეფასებით ქალისა და მამაკაცის შრომის ანაზღაურების გათანაბრება მხოლოდ 202 წლის შემდეგ არის შესაძლებელი.