10 კაცზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებით ეკლესია გამონაკლის შემთხვევებში არ შედის- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვასთან დაკავშირებით ეკლესია გამონაკლის შემთხვევებში არ შედის.

„გამონაკლის შემთხვევებში ეკლესიები არ შედის, თუმცა სავაჭრო ცენტრებში, მაგალითად „კარფურში“, „გუდვილში“ 10 ადამიანზე მეტი არის, მაგრამ დისტანცია უნდა დაიკავონ ერთმანეთისგან. გარეთაც შეიძლება 100 კაცი გადადოდეს ქუჩაზე, მაგრამ დისტანცია ჰქონდეთ დაცული. დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – თქვა გომელაურმა

მისი განმარტებით,10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება ყველგან – დაბადების დღე იქნება, ქორწილი თუ ქელეხი. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც შეკრება დასაშვებია.

წინა კვირას საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისა და აღნიშნული აკრძალვის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა მაინც ჩატარდა.