23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველოში ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვთ. რეგიონებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია, სადაც გამოკვლეული ბავშვების 85%-ის სისხლში ტყვია მომატებული რაოდენობით აღმოჩნდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბავშვების სისხლში ტყვიის დონის საგანგაშო მაჩვენებლებთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ტყვიის მავნე ზემოქმედებისაგან.
1.ბავშვისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი საღებავის ანათალი/ნაფხეკი ან საღეჭი ზედაპირები, რომლებიც შეღებილია ტყვიით დამზადებული საღებავით.
2.რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ მისი სათამაშოები. ხელების დაბანა ტყვიის დონეს დაახლოებით 2-ჯერ და მეტჯერ ამცირებს.
3.რეგულარულად გაწმინდეთ სველი წესით იატაკი, ფანჯრის დეტალები და ავეჯი. ფანჯრის რაფებზე და კედლებზე შეიძლება იყოს ტყვიის მაღალი შემცველობის მტვერი.
4.დაუშალეთ ბავშვებს მიწის ზედაპირზე თამაში. თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით ბავშვები ქვიშის სათამაშო ყუთით, ხოლო მიწის ზედაპირი დაფარეთ ბალახის საფარით [ან დათესეთ ბალახი], ხმელი ფოთლებით ან ხის ნაფოტებით.
5.მოერიდეთ ისეთი ტრადიციული ხალხურ სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას.
6.ტყვიაზე დამზადებულ პროდუქციასთან (მოჭიქული მინა, ტყვიების დამზადება ან სროლა) მუშაობის/შეხების შემდეგ მიიღეთ შხაპი და გარეცხეთ ტანსაცმელი.
7.განაცალკევეთ საცხოვრებელი/სათამაშო სივრცე ტყვიის ცნობილი წყაროებისაგან. სახლების გარემონტებისას თავი აარიდეთ ტყვიით დაბინძურებას – არ შეიძინოთ ტყვიის შემცველი სამშენებლო საღებავი.
8.ნუ მოწევთ ბავშვების თანდასწრებით.
9.კალციუმი აძლიერებს ბავშვის ძვლებს და ხელს უშლის ტყვიის შეღწევას ორგანიზმში. კალციუმით მდიდარი საკვებია: იოგურტი/მაწონი და ყველი; მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის „ხუჭუჭა კომბოსტო“, თალგამი, მდოგვი და მწვანე სალათის სახეობები. ასევე, ფორთოხლის წვენი, სოიას რძე და ტოფუ (სოიას ყველი), დაკონსერვებული ორაგული და სარდინი.
10.სისხლში ტყვიის შეწოვას რკინაც ხელს უშლის. რკინით მდიდარი საკვებია: მჭლე წითელი ხორცი; რკინით გამდიდრებული ბურღულეული, პური და მაკარონის ნაწარმი, გამომშრალი ხილი/ჩირი, როგორიცაა ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი, ლობიო და ოსპი. აქვე, ვიტამინი C ორგანიზმს არამარტო ეხმარება რკინის უკეთ შეწოვაში, არამედ, შესაძლოა, აარიდოს ტყვიაც. ვიტამინი C უხვად არის ციტურსებში და სხვა ხილ-ბოსტნეულში: კივი, ხენდრო, ნესვი, პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა.
ცნობილია, რომ ტყვიის მოხვედრა ბავშვებში ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებას იწვევს. ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, ტყვიის შემცველობა ხშირად იწვევს რკინადეფიციტულ ანემიებს.
სიმპტომებს შორის აღსანიშნავია მუცლის ტკივილი, ზრდაში ჩამორჩენა, წონის კლება, საერთო სისუსტე.