,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპოზიციამ სერიოზულობა დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს, რათა რევოლუციურ სცენარზე გადავიდნენ.
„ოპოზიციამ რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს მმართველ გუნდს, მარცხისთვის განწირულნი არიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ამიტომ მათი მხრიდან ყველა შემოთავაზება შეუთანხმებლობისთვის კეთდება, რომ საბოლოოდ ისინი მათთვის სასურველ, რევოლუციურ სცენარზე გადავიდნენ. ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს”,- აცხადებს ხუნდაძე.
ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარი აღნიშნავს, რომ 100/50-ზე საარჩევნო სისტემა უკიდურესი კომპრომისია და თუ ხელისუფლება უფრო შორს შეყვება მოლაპარაკებებში, მაშინ მაჟორიტარები ,,მუხრუჭს” კიდევ ერთხელ გამოიყენებენ.
,,რაც დრო გადის კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დესტრუქციული ძალა ქვეყნისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ საჭიროა სწორი და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება. 100/50 -ზე შეთავაზება არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომლის იქეთაც გარდაუვალი კრიზისია და მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში აღარ უნდა შეჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მაჟორიტარები და არა მხოლოდ ისინი, მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ“.
შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა პარლამენტმა ჩააგდო, რაც მაჟორიტარ დეპუტატთა ,,ამბოხებას” დაბრალდა. ამ ვერსიის არ სჯერათ ოპოზიციაში.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებას აგრძელებს და მას 100/50-ზე სისტემას სთავაზობს, თუმცა ოპოზიცია თანახმა არ არის.