ქერჩის სრუტეში, შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ცეცხლი 21 იანვარს საღამოს გაუჩნდა. ხანძარი ბორტიდან ბორტზე საწვავის გადაცემისას გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით ხანძრის მიზეზი ერთ–ერთ გემზე მომხდარი აფეთქება გახდა, შემდეგ კი ცეცხლი მეორესაც გემსაც გადაედო. სააგენტო როიტერის ინფორმაციით ინციდენტის დროს ზღვაში შტორმი იყო.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურის ინფორმაციით ორივე გემზე ჯამში 31 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის არიან თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები.
აფეთქებისა და ხანძრის გამო ეკიპაჟის წევრები პირდაპირ წყალში ხტებოდნენ. მათი ნაწილი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ნაწილის ძებნა კი კვლავ გრძელდება. გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია 11 გარდაცვლილის შესახებ, დღეს კი გარდაცვლილთა რიცხვი 14–მდე გაიზარდა.
ნოვოროსიისკის სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 10 გემი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ქერჩის სრუტეს რუსეთი საკუთარი ტერიტორიული წყლების ნაწილად თვლის და აკონტროლებს.