12 მაისის წილხვდომილობის დღედ სწრაფად გამოსაცხადებლად პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა

8 მაისს წილხვდომილობის დღის სწრაფი წესით გამოსაცხადებლად საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

რიგგარეშე სხდომაზე სწრაფი წესით ასამოქმედებელ კანონპროექტებს განიხილავენ. მათ შორის  შორისაა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც წილხვდომილობის დღედ 12 მაისი გამოცხადდება.

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება და შესაბამისად ისედაც უქმე დღეა. შესაბამისი ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოს მთავრობამ მიმართა. გადაწყვეტილება კი წილხვდომილობის დღის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გასული წლის დეკემბერში მიიღო.

“მომავალ 2019 წელს სრულდება 1700 წელი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან. საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება. იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის შანსს ღვთის მიერ გარდამოვლენილი მადლის განახლებას. წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის კურთხევა, გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. მადლის განახლება გახდება გვირგვინი, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სულიერი აღმავლობის პროცესებისა. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 17 საუკუნოვანი თარიღის ღირსეული აღნიშვნისთვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ წმინდა ნინოს ნაკვალევზე, მოგზაურობაში, რომელიც მომავალ წელს ოცდამეათეჯერ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სამღვდელოებასა და მრევლისაგან შემდგარი ჯგუფები ყველა ეპარქიიდან“, – აღნიშნულია სინოდის 2018 წლის განჩინებაში.