“12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ”: საქართველო ევროკავშირის 2018 წლის მთავარ მოვლენათა შორისაა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომლის სათაურია “12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ”.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ამ შეფასებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ასევე “ტვიტერის” ქსელიდან პასუხობს. 

“მადლობას ვუხდი საქართველოს ნამდვილ მეგობარს – ფედერიკა მოგერინის – ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად საქართველოს მოხსენიებისთვის, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას ადასტურებს და ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობის გაზრდას ცხადყოფს”, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ევროკავშირის აღიარებას ასევე განცხადებით უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომლის მიმართვაც საგარეო უწყებამ გაავრცელა.