“15 მილიონი დაიხარჯა და კატასტროფული შედეგი მივიღეთ”- ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე გააკეთა. დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგოებზე განხორციელებული სამუშაოებით უკმაყოფილოა.
კახა კალაძის თქმით, მარჯვენა და მარცხენა სათადარიგოებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად დედაქალაქის მერია თანხას აღარ გაიღებს და ხარჯების დაფარვა თავად კომპანიას მოუწევს.
„კატასტროფული შედეგი მივიღეთ. დღეს ეს სათადარიგოები მაქსიმალურად დატვირთულია, იმიტომ რომ ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაწყებული და მიმდინარეობს სამუშაოები. ცუდი მდგომარეობაა მარჯვენა და მარცხენა სათადარიგოებზე. შარშან 15 მილიონი დაიხარჯა ორივე პროექტის განხორციელებისათვის. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, რაც დღეს ხდება ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე. ჭის თავების ირგვლივ სრული კატასტროფაა. თუ ახლა იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებზე თავიდან გაიღებს ფულს, ძალიან ცდებიან. ახლა, რა თქმა უნდა, სამუშაოებს ვერ დავიწყებთ იმიტომ, რომ ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ხდება და სრული ქაოსი იქნება, სათადარიგოებზე სამუშაოები რომ ვაწარმოოთ. როგორც კი ეს სამუშაოები დასრულდება, ეს გზა ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ საერთოდ პრობლემა არ იყოს ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება, ამდენი ფული იხარჯება და როდესაც ავტომობილებმა იარეს, თავი იჩინა ამ პრობლემებმა. ეს სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია. იმ კომპანიებს მოუწევთ ხარჯის გაღება და თავიანთი სახსრებით ამ პრობლემის მოგვარება. დედაქალაქის მერია 1 თეთრს არ დახარჯავს ამის რეაბილიტაციასა და მოწესრიგებაზე“, – აცხადებს თბილისის მერი.