ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
„მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ძალაში დატოვა, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა. მინდა ასევე ყურდღება გავამახვილო ფაქტზე, რომელიც ალბათ, მიუღებელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვისაც. პროკურატურამ არასრულწლოვნების მიერ შეზღუდვა გამოიყენა. მათ შეუზღუდა კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. შესაბამისად, ისინი ვერ ისარგებლებენ ტელეფონით და პაემნით. მოწყვიტა გარესამყაროს, მშობლებსა და ოჯახს. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აყენებს“,- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ,რომ არსებულ საქმეზე სულ 6 პირია დაკავებული.მათგან 2 არასრულწლოვანია, მათი საქმე დანარჩენი 4 პირის საქმისგან ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.