თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 6 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და პროცესი ხვალისთვის გადადო.
როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე შენობის ფოიეში მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. მოსამართლე აღნიშნული 6 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 20 ნოემბერს, 13:00 საათზე იმსჯელებს.
გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.