რა ელის დოლარს აშშ–ირანის ომის გამო?

spot_imgspot_img

აშშ-ის თავდასხმამ ირანზე კვლავ გააცოცხლა საუბრები დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო და საანგარიშსწორებო ვალუტის სწრაფი დასასრულის შესახებ. ირანმა ჰორმუზის სრუტე დაბლოკა და ტანკერებისგან ხარკის აღება ჩინურ იუანებსა და სტეიბლკოინებში დაიწყო. რამდენად რეალურია საფრთხე მსოფლიოს მთავარი ვალუტისთვის და ჩაანაცვლებს თუ არა „ნავთობიუანი“ „ნავთობდოლარს“ ირანის ომის შედეგად?

ნავთობის ფასები უხსოვარი დროიდან დოლარში განისაზღვრებოდა და დღესაც მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 85% ამერიკულ ვალუტაში იყიდება. ეს წილი ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ იცვლება, მიუხედავად რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების სურვილისა, ბოლო მოუღონ აშშ დოლარის დომინირებას ანგარიშსწორებებში.

ანალოგიური ვითარებაა რეზერვებთან დაკავშირებითაც. მსოფლიო თავის დანაზოგებს ტრადიციულად დოლარში ინახავს. საერთაშორისო რეზერვებში დოლარის წილი 60%-ია, ევროსი — 20%, დანარჩენი კი სხვა განვითარებული დასავლური ქვეყნების ვალუტებზე მოდის: ბრიტანეთის, იაპონიის, კანადის, ავსტრალიის. ჩინურ იუანებში მხოლოდ დაახლოებით 2% ინახება.

ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ აშშ მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე განვითარებული ეკონომიკაა. ამერიკაში გიგანტური ფინანსური ბაზარია, კანონის უზენაესობა, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი და დასავლეთში ყველაზე მომგებიანი და ინოვაციური ბიზნესი.

მაგრამ გასულ წელს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ ზოგიერთი ამ უპირატესობიდან საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, და დოლარის ტახტიც შეირყა.

გასულ წელს დოლარმა 8% დაკარგა. მსოფლიოში დაიწყეს საუბარი ახალ ფინანსურ სტრატეგიაზე — „გაყიდე ამერიკა“. კურსის შემცირებაში ზოგიერთმა კომენტატორმა დოლარიდან გაქცევა დაინახა, რაც ტრამპის სავაჭრო ომს მთელ მსოფლიოსთან, მის შეტევებს მოკავშირეებზე და მზადყოფნას უკავშირდებოდა, აშშ-ის ფინანსური და სამხედრო ძალა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის გამოეყენებინა. კურსის შემცირება 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა – ირანზე თავდასხმამდე. მაგრამ როგორც კი ტრამპმა პლანეტის საკვანძო ნავთობ-გაზმომპოვებელი რეგიონი დესტაბილიზაციის ქვეშ მოაქცია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე დააყენა, ამერიკულმა დოლარმა ვარდნა შეწყვიტა და ზრდა დაიწყო.

გადაურჩება თუ არა დოლარი ტრამპს?

„მსოფლიო თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს ამერიკულ აქტივებში, დოლარში ინახავს, სხვადასხვა მიზეზის გამო. მთავარი კითხვა ის არის, გააგრძელებს თუ არა ის ამას, თუ ჩვენ გიჟურ პოლიტიკას გავატარებთ“, – სვამს კითხვას ამერიკელი სავალუტო ანალიტიკოსი ბრედ სეტსერი.

„ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი ერთი იყო — დიახ, გააგრძელებს.“

ირანზე თავდასხმის შემდეგ დოლარის კურსის 2%-იანი ზრდა მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკულ ვალუტას სარეზერვო სტატუსს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, აღნიშნავს რობინ ბრუკსი ამერიკული Brookings Institution-იდან.

„უცხოეთიდან ამერიკულ აქციებსა და ობლიგაციებში ფულის შემოდინება ბოლო 25 წლის განმავლობაში რეკორდულია. დოლარის კურსის ბოლო ზრდა კი ადასტურებს, რომ ინვესტორები კრიზისულ დროს კვლავ განიხილავენ დოლარულ აქტივებს, როგორც უსაფრთხო თავშესაფარს“, — წერს ის.

როგორც წინა კრიზისების დროს, ირანის დაბომბვის დაწყებისთანავე ინვესტორებმა დაიწყეს ფულის გამოტანა იმ ქვეყნებიდან და რეგიონებიდან, რომლებიც ომისგან პირველ რიგში დაზარალდებიან — აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და შედარებით ნაკლებად ევროპიდან – და მისი გადატანა დოლარულ აქტივებში. იმიტომ, რომ ისინი უფრო ლიკვიდური და მომგებიანია და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშშ-ის ეკონომიკამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვებზე სწრაფად შეუძლია ნებისმიერი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ამჟამინდელი ენერგეტიკული კრიზისისგან კი ის დამატებით უკეთ არის დაცული, რადგან აშშ მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელია.

„ტრამპის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დოლარის დასასრული ამერიკული უპასუხისმგებლობისა და ძალის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი სამწუხარო შედეგი იქნება. მაგრამ მართლა დგას თუ არა დოლარი სპეციალური სტატუსის გარდაუვალი დაკარგვის საფრთხის წინაშე? და მართლა იქნება თუ არა ამ სტატუსის დაკარგვა დარტყმა შეერთებული შტატებისთვის?“ — სვამს კითხვას ამერიკელი ეკონომისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი.

„ჩემი აზრით, ორივე კითხვაზე პასუხი ერთია — არა.“

ნავთობდოლარის დასასრული და ნავთობიუანის განთიადი?

მაშინაც კი, თუ ირანი, რუსეთი და თვით საუდის არაბეთიც კი ნავთობს იუანებზე გაყიდიან, დოლარის პოზიციები არ შეირყევა. მსოფლიო ნავთობის ბაზრის მასშტაბით რეალური ფიზიკური მიწოდებები მხოლოდ რამდენიმე პროცენტია. დანარჩენი არის ფინანსური კონტრაქტებით ვაჭრობა ვირტუალური ნავთობის მიწოდებაზე, ეს კი ამერიკაში და დოლარში ხდება.

ნავთობის ბაზარზე დოლარის დომინირების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ 1970-იანი წლების პირველი ნავთობის კრიზისის შემდეგ,  რომელიც ჯერ არაბული ქვეყნების ისრაელთან ომმა, შემდეგ კი ირანში ისლამურმა რევოლუციამ გამოიწვია — აშშ და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, რომ ნავთობის ფასები დოლარში დადგენილიყო.

მას შემდეგ ასე გაგრძელდა. თუმცა დოლარის დომინირების მთავარი მიზეზები ანგარიშსწორებებსა და რეზერვებში სულ სხვა რამეშია, მიიჩნევს ბრედ სეტსერი.

„აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი იყო 1930-იან წლებში, ჩვენ ვაწვდიდით ნავთობს ბრიტანელებს მეორე მსოფლიო ომის წლებში. ფართო გაგებით, ნავთობის ინდუსტრია აშშ-ში დაიბადა და ნავთობით ყოველთვის დოლარში ვაჭრობდნენ“, — წერს ის.

1970-იანი წლების პირველი ნავთობის კრიზისის შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებს თითქოს ოქროს წვიმა დაატყდათ. ისიც კი აღარ იცოდნენ, სად დაეხარჯათ ნავთობიდან მიღებული ზემოგებები თავიანთ მაშინ ჯერ კიდევ სუსტად განვითარებულ ქვეყნებში, ამიტომ დაიწყეს რეზერვების დაგროვება და მათი საზღვარგარეთ გამრავლება.

გამომუშავებული დოლარების გაზრდის ყველაზე მომგებიანი და საიმედო გზა იყო მათი ამერიკისთვის სესხად მიცემა და ამერიკულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსება. თუმცა ამერიკა ისრაელს უჭერდა მხარს და შეიხებისთვის უხერხული იყო მტრის ღიად დაკრედიტება. საბოლოოდ ისინი ამას მაინც აკეთებდნენ, ოღონდ ირიბად. ასე გაჩნდა მსოფლიო ფინანსური ცენტრები ლონდონში, ციურიხში და მოგვიანებით — ჰონკონგსა და დუბაიში.

მაგრამ ნავთობდოლარების ის ზვავი დიდი ხანია შეჩერდა. სპარსეთის ყურის ბევრმა ქვეყანამ ხარჯვა დაიწყო და ეკონომიკის მომზადებას შეუდგა ნავთობისშემდგომი მომავლისთვის. შედეგად, საუდის არაბეთი კაპიტალის ექსპორტიორიდან მოვალედ გადაიქცა. ის აღარ აგროვებს – ახლა ვალით ცხოვრობს.

შედეგად, ამერიკაში ნავთობდოლარების შემოდინება შემცირდა, მაგრამ დოლარი კვლავ შესანიშნავად გრძნობს თავს. რატომ?

პირველ რიგში, ამერიკას იმპორტირებული ნავთობი აღარ სჭირდება. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ის მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო, საუდის არაბეთი კი — ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი. ახლა ამერიკა საუდის არაბეთზე ორჯერ მეტ ნავთობს მოიპოვებს – ტექნოლოგიური რევოლუციისა და კაპიტალიზმის ერთობლიობის წყალობით. ეს კი ნიშნავს, რომ ის ახლო აღმოსავლეთში დოლარებით ნავთობს აღარ ყიდულობს.

ახლა სწორედ ისინი, და არა შეიხები, ყიდულობენ დოლარულ აქტივებს. ამ პრაქტიკაზე უარის თქმა მათთვის რთულია, რადგან ეს ეკონომიკის საექსპორტო მოდელის გადაკეთებას მოითხოვს, რაც ძვირი ჯდება და სოციალური რყევების საფრთხეს შეიცავს. მეტიც, ამ ქვეყნებისთვის დოლარი არა მხოლოდ სიმდიდრის დაგროვების საშუალებაა, არამედ საკუთარი ვალუტის კურსის მიბმისა და სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების ორიენტირიც. ამის გარეშე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება გაცილებით უფრო რთული ამოცანა გახდება.

რატომ არ ემუქრება დოლარს ჯერჯერობით არაფერი

ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი ქვეყნების — სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისა და ნორვეგიის, რომელიც ევროკავშირის მთავარი მიმწოდებელია — ფულის სიჭარბემ, ანუ მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა, გასულ წელს დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი შეადგინა, დაითვალა ბრედ სეტსერმა.

ეს არაფერია ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების 1.5 ტრილიონ დოლარიან პროფიციტთან შედარებით — ქვეყნების, რომლებიც დასავლეთში ნავთობს კი არა, საქონელს ყიდიან.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ომი სპარსეთის ყურის ნავთობის მონარქიებს მრავალი წლით ზედმეტ ფულს გამოაცლის, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ფასების ზრდაზე ფულის შოვნას ვერ შეძლებენ, დოლარი მაინც არ დაკარგავს თავისი განსაკუთრებული სტატუსის ორ მთავარ საყრდენს.

პირველი — ანალოგიურ მასშტაბებში ინვესტირების ალტერნატივების არარსებობაა. ჩინეთი — სახელმწიფო ბანკების მეშვეობით — და სხვა სახელმწიფოები კვლავ ყიდულობენ დოლარულ აქტივებს რეზერვებისთვის. სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნებიც კი, რომლებიც სიტყვით ამერიკულ ჰეგემონიას გმობენ, სინამდვილეში დოლარს კი არ ებრძვიან, არამედ სანქციების მოხსნასა და მსოფლიო ეკონომიკაში დაბრუნებას ცდილობენ.

მეორე მიზეზი — მოგების წყურვილია.

ამერიკული კომპანიები კვლავ უფრო მეტ მოგებასა და შემოსავალს აძლევენ აქციონერებს, ვიდრე მათი ევროპელი ან იაპონელი კონკურენტები. ამიტომ Amazon-ის, Google-ისა და Apple-ის აქციებში დაბანდება მეტ შემოსავალს იძლევა. იგივე ეხება ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირებასაც, რადგან ამერიკაში საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში და მით უმეტეს იაპონიაში. ამასთან, ბაზრის ლიკვიდობა და სიღრმე შეუდარებელია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან, სადაც კაპიტალის არა მხოლოდ თავისუფლად დაბანდება, არამედ სურვილის შემთხვევაში გამოტანაც არის შესაძლებელი. ჩინეთი ამ ქვეყნების რიცხვში არ შედის.

შედეგად, დანაზოგებს დოლარში ათავსებენ ისინიც, ვისაც მათი შენარჩუნება სურს, და ისინიც, ვინც მათ გაზრდას ცდილობს. დონალდ ტრამპსაც კი არ გამოსდის ამერიკული ვალუტის ამ ყველა მყიდველის დაფრთხობა.

„ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო წლის მთელი ქაოსის მიუხედავად, უცხოელების დაბანდებები დოლარში საუკუნის დასაწყისიდან მაქსიმუმზეა. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-სთვის ადვილი არ იქნება დოლარისთვის სარეზერვო ვალუტის სტატუსის წართმევა. გასაკვირი არაფერია. ეს სტატუსი ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და მისი შერყევა ერთ დღეში ვერ მოხერხდება“, — მიიჩნევს რობინ ბრუკსი.

თუმცა, როგორც კი ირანში ომი დასრულდება, დოლარის კურსი კვლავ შემცირებას განაახლებს, დარწმუნებულია ის.

პირველ რიგში იმიტომ, რომ მის ძველ მყიდველებს — სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტიორებსა და აზიის ნავთობის იმპორტიორებს — ნაკლები ფული ექნებათ. პირველებს თანხის დახარჯვა აღდგენასა და ხელახლა შეიარაღებაზე მოუწევთ, მეორეებს კი — ძვირ ენერგორესურსებზე, მარაგების შევსებაზე და ეკონომიკის გადაკეთებაზე, რათა წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულება შეამცირონ.

მეორე – იმიტომ, რომ ტრამპი აგრძელებს შეტევას ამერიკული სავალუტო დომინირების საყრდენებზე. უპირველეს ყოვლისა – დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკზე, სასამართლოებზე და შეკავებისა და გაწონასწორების მთელ სისტემაზე, რომელიც აშშ-ში მეწარმეობისა და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

მაგრამ მთლიანობაში, ბიზნესში დოლარზე, როგორც გადახდის მთავარ საშუალებაზე, უარის თქმა ისეთივე რთულია, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ინგლისურიდან ჩინურზე გადაყვანა, აღნიშნავს პოლ კრუგმანი.

„ამერიკის ამჟამინდელი ქცევის გათვალისწინებით, შეიძლება, ის არც იმსახურებდეს მსოფლიოს მთავარი ვალუტის ემიტენტის სტატუსს. თუმცა ეკონომიკა და მორალი სხვადასხვა რამეა“, — წერს ის.

„ზოგი ფიქრობს, რომ დოლარი მალე ჩამოიშლება და ყველა შეწყვეტს მის გამოყენებას. მაგრამ მაშინაც კი, თუ ამერიკა საბოლოოდ გადაირევა, ასეთი შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება. დოლარს ყველა იმიტომ იყენებს, რომ მას ყველა დანარჩენი იყენებს.“

მეორე მხრივ, სპარსეთის ყურეში სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებიც იმაზე მეტს შოულობენ, ვიდრე ხარჯავენ — მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები. მათ აქვთ დანაზოგი — სუვერენული სტაბილიზაციის ფონდები, მომავალი თაობებისთვის და შავი დღისთვის დაგროვებული თანხები. ანალოგიური ფონდი აქვს ფინანსური დეფიციტის მქონე საუდის არაბეთსაც. ამ ფულს ზრდაზე უშვებენ, და ისე გამოვიდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ამის გაკეთება ყველაზე მომგებიანი ამერიკაშია.

და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი — ნავთობდოლარები დიდი ხანია აღარ თამაშობენ მთავარ როლს მსოფლიოში. ბოლო 20–30 წლის განმავლობაში ის მთავარი ქვეყნები, რომლებიც ექსპორტით იმაზე მეტს შოულობენ, ვიდრე ხარჯავენ, აღარ არიან ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მონარქიები. ეს ქვეყნები დღეს ჩინეთი და განვითარებული აზიური ეკონომიკებია — სამხრეთ კორეა, იაპონია, ტაივანი და სინგაპური.

spot_imgspot_img

პოპულარული

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში...

რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა – მიმდინარეობს მოკვლევა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების...

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში ,,სტრასბურგის სასამართლო”) 2024...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ დიდ ისტოკში (ეკატერინბურგის სიახლოვეს), რუსული...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში:რა არის ცნობილი გენერალ ჩაიკოს შესახებ?

მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, რესტორან „ბალზი როსისთან“ მომხდარი აფეთქება...
spot_img

ყველა ამბავი

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებითგანცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის...

გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.ინტერვიუში ბარამიძემ...

არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს–უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

თვრამეტი წლის წინ, რუსული ძალები სასტიკად შეიჭრნენ სუვერენულ საქართველოში, დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი - ეს მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ნაწილი იყო, რომლის...