ნავთობის ბაზრებმა მკვეთრი ზრდით უპასუხა ცნობებს, რომ აშშ ირანის „გაფართოებული ბლოკადისთვის“ ემზადება, ხოლო სამხედროები პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ირანში მოქმედების ახალ გეგმებს განიხილავენ.
ხუთშაბათს დილით Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა და მიაღწია მაქსიმუმს 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ჯერ კიდევ სამშაბათ საღამოს ერთი ბარელი 110 დოლარი ღირდა.
ხუთშაბათს აზიაში ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის სამხედროები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან კონფლიქტთან დაკავშირებით შესაძლო მოქმედებების ახალ გეგმებს გააცნობენ.
როგორც საინფორმაციო საიტი Axios იუწყება, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ — Centcom-მა — მოამზადა ირანზე „მოკლე და ძლიერი“ დარტყმების სერიის გეგმა, რომლის მიზანიც თეირანთან მოლაპარაკებებში შექმნილი ჩიხიდან გამოსვლაა.
Brent-ის მარკის ნავთობი თითქმის 7%-ით გაძვირდა და ბარელზე 126 დოლარს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ენერგორესურსების ფასები ამ კვირაში გაიზარდა, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა, ხოლო საკვანძო საზღვაო გზა — ჰორმუზის სრუტე — ფაქტობრივად კვლავ დახურულია.
Axios-ის ცნობაში, რომელიც ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ დარტყმების შემოთავაზებული სერია, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იქნება მიმართული.
კიდევ ერთი გეგმა ჰორმუზის სრუტის ნაწილის დაკავებას ითვალისწინებს, რათა ის კვლავ გაიხსნას კომერციული ნაოსნობისთვის, იუწყება Axios. გამოცემის ცნობით, ამისთვის შესაძლოა სახმელეთო ჯარების შეყვანაც გახდეს საჭირო.
ეს ირანში ომის შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის ზედიზედ მეორე დღეა. ოთხშაბათს ნავთობის ფასმა დროებით 119 დოლარს მიაღწია, ანუ დღის განმავლობაში ზრდამ 7% შეადგინა.
მანამდე გაზეთმა Wall Street Journal-მა დაწერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა ირანის პორტების მოქმედი ბლოკადის გაფართოების მომზადება, რათა ქვეყნის ეკონომიკაზე ზეწოლა გაძლიერდეს.
თეირანმა განაცხადა, რომ ბლოკადის საპასუხოდ გააგრძელებს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის ხელის შეშლას.
ომის დაწყებიდან ნავთობის ფასები მკვეთრად მერყეობდა, რადგან კონფლიქტის გამო ჰორმუზის სრუტე — სავაჭრო ნაოსნობის ერთ-ერთი საკვანძო მარშრუტი — უკვე რამდენიმე კვირაა ფაქტობრივად დახურული რჩება. ჩვეულებრივ, ამ სრუტის გავლით გადის მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი.
ირანმა სრუტეში გემების მოძრაობა მნიშვნელოვნად შეზღუდა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების საპასუხოდ, რომლებიც 28 თებერვალს დაიწყო.
თეირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტეს მიუახლოვდება, სამხედრო სამიზნე გახდება.
საპასუხოდ, აშშ-მ განაცხადა, რომ მისი ძალები შეაჩერებენ ან უკან შეაბრუნებენ გემებს, რომლებიც ირანის პორტებისკენ მიემართებიან ან იქიდან გამოდიან.
ამ მოვლენების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო 12 დღის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა.
„ბლოკადა დაბომბვებზე ეფექტიანია“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან კომენტარში განაცხადა, რომ უარყო ირანის შეთავაზება — ჰორმუზის სრუტის გახსნა ამერიკული ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ. ექსპერტების შეფასებით, ამით მან ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით გადადო ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები.
ტრამპმა განაცხადა, რომ პირიქით, აშშ ირანის ბლოკადას არ მოხსნის ბირთვული შეთანხმების მიღწევამდე.
„მათ სურთ შეთანხმება. მათ არ უნდათ, რომ ბლოკადა გავაგრძელო. მე კი არ მინდა [მისი შეწყვეტა], რადგან არ მინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ბლოკადა, გარკვეული თვალსაზრისით, დაბომბვებზე უფრო ეფექტიანია, — დაამატა მან. — ისინი იხრჩობიან. და შემდეგ მათთვის კიდევ უფრო უარესი იქნება. მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა „მალე აფეთქდება“, თუ ქვეყანა ნავთობის ექსპორტს ვერ შეძლებს.
ამასობაში სიტუაციასთან დაკავშირებულმა სამმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ მოამზადა „მოკლე და ძლიერი“ დაბომბვის კამპანია, რათა ირანი აიძულოს მიიღოს ვაშინგტონის მოთხოვნები.
ჩინოვნიკების თქმით, ახალი დარტყმები შესაძლოა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდეს.
„მტერმა ახალი ფაზა დაიწყო“
ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ირანის ხელისუფლებაში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა, განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ქვეყნის შიგნით განხეთქილების შექმნას ისახავს მიზნად.
„მტერმა ახალი ფაზა დაიწყო და სურს, საზღვაო ბლოკადისა და მასმედიაში კამპანიის მეშვეობით გააძლიეროს ეკონომიკური ზეწოლა და შიდა განხეთქილება, რათა დაგვასუსტოს ან თუნდაც შიდა კოლაფსამდე მიგვიყვანოს“, — განაცხადა მან.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ქვეყანას ორ ჯგუფად — რადიკალებად და ზომიერებად — ჰყოფს, შემდეგ კი მაშინვე საუბრობს საზღვაო ბლოკადაზე, რათა ეკონომიკური ზეწოლისა და შიდა უთანხმოების გზით ირანს მორჩილება აიძულოს“.
აიათოლა ალი ხამენეისა და ირანის სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაღუპვის შემდეგ, ისლამური რესპუბლიკის შიგნით ძალთა ბალანსი ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ განხილვად საკითხად იქცა.
მანამდე ტრამპმა თქვა, რომ ირანის მთავრობა „სერიოზულად არის გაყოფილი, რაც გასაკვირი არ არის“.
ღალიბაფმა ომის დაწყების შემდეგ თავისი პოზიციები გააძლიერა და აშშ-სა და ირანს შორის დღემდე გამართულ პირდაპირი მოლაპარაკებების ერთადერთ რაუნდზე მთავარი მომლაპარაკებლის როლი შეასრულა.
პუტინმა ტრამპს ირანის საკითხის მოგვარების გზები შესთავაზა
ამასობაში, ოთხშაბათ საღამოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.
პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბრის დროს პუტინმა შესთავაზა „რამდენიმე მოსაზრება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული უთანხმოების მოგვარებას ისახავს მიზნად“. მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა წინადადებებზეა საუბარი.
პუტინთან საუბრის შესახებ ოთხშაბათ საღამოს თავად ტრამპმაც ისაუბრა. მისი თქმით, ისინი ძირითადად უკრაინაში ომზე საუბრობდნენ, თუმცა ირანის თემასაც შეეხნენ.
„მან მითხრა, რომ სურდა გამდიდრებაში მონაწილეობა, თუ შეძლებდა დაგვხმარებოდა მის მიღებაში [სავარაუდოდ, იგულისხმება ირანში გამდიდრებული ურანის საკითხი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის ნაწილად მიიჩნევენ — რედ.], — განაცხადა ტრამპმა. — მე მას ვუთხარი: „მირჩევნია, უკრაინასთან ომის დასრულებაში მიიღო მონაწილეობა“.
უშაკოვის მსგავსად, ტრამპმაც განაცხადა, რომ პუტინთან მისი საუბარი კარგად წარიმართა.
მანამდე რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამდა, საკუთარ ტერიტორიაზე მიეღო ირანის გამდიდრებული ურანი. თუმცა, კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-მ მოსკოვის ეს შეთავაზება უარყო.















