გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ცენტრში ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. პოლიციის მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
ლაიფციგის მერმა ბურკჰარდ იუნგმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისივე თქმით, დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია, ხოლო შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
„ეს შოკისმომგვრელია. ამ წუთას ერთადერთი, რაც შემიძლია, არის სოლიდარობა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს“, — უთხრა იუნგმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე. „ყველა დანარჩენი დეტალი პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის შედეგად უნდა დადგინდეს“.
პოლიციის ცნობით, დაკავებული 33 წლის გერმანიის მოქალაქე მამაკაცია.
საქსონიის პრემიერ-მინისტრმა მიხაელ კრეჩმერმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონოდა.
„ეს სულის სიღრმემდე მზარავს“, — დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. „მსგავსი ქმედება სიტყვებს გვაკარგვინებს და გვაიძულებს, მტკიცედ ვიმოქმედოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შემთხვევა სწრაფად და საფუძვლიანად იქნას გამოძიებული. კანონის უზენაესობა მთელი ძალით იმოქმედებს“.
ლაიფციგის სახანძრო სამსახურის უფროსმა აქსელ შუხმა განაცხადა, რომ დაშავდა 22 ადამიანი, მათგან ორი — მძიმედ. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფება დაახლოებით 40 მეხანძრე და 40 პარამედიკოსი, ასევე ორი ვერტმფრენი.
თვითმხილველების თქმით, Volkswagen-ის ჯიპმა, რომელშიც ერთი ადამიანი იმყოფებოდა, მაღალი სიჩქარით გაიარა ქვეითთა ზონაში.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქის ცენტრში, გრიმაიშე-შტრასეზე, ავტომობილი რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოგვიანებით მძღოლი დააკავეს და, პოლიციის განცხადებით, „ამჟამად ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“.
ბოლო წლებში გერმანიაში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ხალხის დიდ მასებში ავტომობილით შევარდნის არაერთი შემთხვევა მოხდა. მათი ნაწილი რელიგიური ან პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, ნაწილი კი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებმა ჩაიდინეს.
2025 წლის თებერვალში მძღოლმა, რომელიც მიუნხენში ქუჩაზე ხალხის კოლონაში შევარდა, ქალი და მისი ქალიშვილი მოკლა და დაახლოებით 30 ადამიანი დაჭრა. 2024 წლის დეკემბერში, აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობის სტუმრებზე ავტომობილის შევარდნის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. 2016 წელს კი ბერლინში 13 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სატვირთო ავტომობილი ქალაქის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე შეკრებილ ხალხში შევარდა.















