ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის გარემოცვასა და პროპაგანდისტულ მედიებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა  და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე მთელი მოსახლებისთვის –  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით, 14-ის წინააღმდეგ, მიიღო რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ. ანგარიში 2025 წელს მიმოიხილავს.

დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება. ასევე ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას. ანგარიშით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღონ კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, ოფიციალური პირისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ. დოკუმენტის მიხედვით ეს მოიცავს სანქციების სიების გაფართოებას, აქტივების ყოვლისმომცველ გაყინვას და სავიზო აკრძალვებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე. ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

“ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღოს კოორდინირებული, ევროკავშირის მასშტაბის შეზღუდვითი ღონისძიებები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, მაღალჩინოსნისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ — სანქციების სიების გაფართოების, სახელმწიფოს მიტაცებაში, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაში პასუხისმგებელ პირთა ქონების სრული გაყინვისა და სავიზო შეზღუდვების ჩათვლით. ევროპარლამენტარები დაჟინებით მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ დააწესოს პირადი, მიზანმიმართული სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირს მოუწოდებენ, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპულ საბჭოში ამ საკითხში ერთსულოვნება ვერ იქნება მიღწეული, წევრმა სახელმწიფოებმა გამოიკვლიონ სხვა კოლექტიური მექანიზმები ეფექტიანი და ერთიანი ევროკავშირის პასუხის უზრუნველსაყოფად.“–წერია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სერიოზული გაგრძელების ფონზე, ევროპარლამენტარები სინანულით აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების უკუქცევისთვის. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების ქართულ ხელისუფლებასთან ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ხელისუფლება ხელშესახებ და გადამოწმებად ნაბიჯებს – დემოკრატიული რეგრესის, რეპრესიების და რუსული სტილის ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის შეჩერების მიმართულებით. როგორც ანგარიშში წერია,  დოკუმენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც კვლავ მიისწრაფის ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. ამასთანავე, მოხსენება ინარჩუნებს ევროპარლამენტის წინა პოზიციას საქართველოს პარლამენტის და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ.

ფრაგმენტი ანგარიშიდან  საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტარები, რომლებიც დიდი ხანია, 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ სრული ავტოკრატიისკენ გააქტიურებულ სვლას. ეს მოიცავს: დაუსჯელობის სისტემის შექმნას პოლიტიკური რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი მაღალჩინოსნებისა და ინსტიტუტებისთვის; ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველების შევიწროებას; ოპოზიციური ფიგურების დევნას; ოპოზიციური ხმების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას; ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და პლურალისტური საარჩევნო გარემოს განადგურებას; საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ცენტრალიზებული კონტროლის დამყარებას; ასევე, სამართალდამცველთა მხრიდან მომიტინგეებზე, დაკავებულებსა და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს

ანგარიშში ასევე არის მოწოდება, „ქართულმა ოცნებამ“ გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები და აღნიშნავს, რომ ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ქვეყნის ვალდებულებებთან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. დოკუმენტის თანახმად  „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც „ქართული ოცნება“ სრულად იქნება პასუხისმგებელი.

“ევროპარლამენტი აღნიშნავს კომისიის წინადადებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი; წუხს, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება.“– ნათქვამია ანგარიშში

ყოველწლიური ანგარიში, რომელზეც ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ. ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს პროგრესს კომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე და მიიღებს რეზოლუციას, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს შესახებ. საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე. კომიტეტის სხდომაზე მან  განაცხადა,რომ , „ქათულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანების დასარწმუნებლად, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის კრიტერიუმებს.

 

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს:

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს ამ დოკუმენტის მომზადებაში მათი წარმოუდგენელი ერთიანობისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს. მეორეს მხრივ, ჩვენ ამ ანგარიშს ერევანში სპეციალური ფორუმის ფონზე ვიღებთ. ვფიქრობ, ყოველი პროდასავლურად განწყობილი ქართველი ბედნიერია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის მათი – ქართველების – იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა. ამ ეტაპზე მე მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის.“

ანგარიშის პირვანდელ ვერსიას თან ერთვის ათობით შესწორების პროექტი, რომელთა უმეტესობაც ასევე კრიტიკულია ხელისუფლებისადმი, თუმცა ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მთავრობას. მათ უმეტესობას კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტარების, რასა იუკნევიჩიენესა და მირიამ ლექსმანის შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გმობს „იმედისა“ და „პოსტივის“ მიერ „ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებას და იწონებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაეწესებინა ფინანსური სანქციები ამ ორი მაუწყებლისთვის. შესწორების კიდევ ერთ პროექტში, „იმედთან“ და „პოსტივისთან“ ერთად ნახსენებია „რუსთავი 2“,  სამივე ტელეარხი მოხსენიებულია, როგორც „ქართული ოცნების” რეჟიმის დე ფაქტო კომუნიკაციების დეპარტამენტი. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი პირების სანქცირებას. ანგარიში, რომელსაც საგარეო კომიტეტმა მხარი დღეს  დაუჭირა, პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ივნისში გავა.