სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გიორგი უძილაურია.
ინფორმაცია თავდაპირველად სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. „რუსთავი 2“ წერს, რომ „უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა“.
გიორგი უძილაური 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილთან მუშაოდა. 2016 წლის მარტიდან ის იყო „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, სისტემურად აგროვებდა და გადასცემდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე.
სუსს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის, თუმცა “კურიერი” წერს, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
გამოძიება 314 მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.















