უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრისთვის ორ ვადაზე მეტხანს თანამდებობაზე ყოფნას კრძალავს
ცვლილების მიხედვითაც ერთ ადამიანს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება ორ ვადაზე მეტხანს აღარ შეეძლება. ამგვარად, ახალმა მმართველმა პარტია „ტისამ“ შეასრულა თავისი ლიდერის, პეტერ მადიარის დაპირება, რომ ვიქტორ ორბანი პრემიერ-მინისტრი აღარ იქნებოდა.
ვიქტორ ორბანი უნგრეთს 16 წლის განმავლობაში მართავდა, სანამ პეტერ მადიარის პარტია „ტისამ“ აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ის და მისი პარტია „ფიდესი“ არ დაამარცხა. ამასთან, „ტისამ“ ხმების ორი მესამედის უმრავლესობა მოიპოვა, რაც მას კონსტიტუციის შეცვლის საშუალებას აძლევს.
მიღებული ცვლილების თანახმად, ვერცერთი უნგრელი პოლიტიკოსი ვერ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს პარლამენტის ორ მოწვევაზე მეტხანს, მაშინაც კი, თუ მისი ვადები მთავრობის მეთაურის პოსტზე ზედიზედ არ მოდიოდა.
„ტისას“ კონსტიტუციური უმრავლესობის წყალობით, ცვლილება ორშაბათს უპრობლემოდ მიიღეს — 135 ხმით 50-ის წინააღმდეგ. ახლა მისი ძალაში შესვლისთვის მხოლოდ პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის ხელმოწერაა საჭირო.
ამ ცვლილების მიღება ნიშნავს, რომ თავად პეტერ მადიარიც პრემიერ-მინისტრად მხოლოდ 2034 წლამდე შეძლებს მუშაობას, თუნდაც მისმა პარტიამ მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვოს. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მაისში აირჩიეს.
„ფიდესის“ დეპუტატებმა ამ ცვლილების წინააღმდეგ მისცეს ხმა. თავად ორბანმა Facebook-ზე დაწერა: „ახლახან მიიღეს „ორბანის კანონი“. ეს ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა“.
ვიქტორ ორბანის თანამებრძოლმა და პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა — რომელიც მისი მოგვარეა, განაცხადა, რომ მადიარი „დემოკრატიული ბრძოლიდან პოლიტიკურ ოპონენტს იცილებს“.















