პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში შრომითი მიგრანტების ყოფნის წესებს ამკაცრებს.გარდა ამისა, დოკუმენტი ზრდის სახელმწიფო მოსაკრებლების ოდენობას მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვისა და სხვა დოკუმენტების მიღებისას. დოკუმენტი, რომელსაც ცვლილებები შეაქვს რუსეთის ფედერალურ კანონში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კვირას, 26 ივლისს, სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

ახალი კანონი შრომით მიგრანტს ავალდებულებს, საკუთარი თავი და რუსეთში მცხოვრები, მის კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრები რეგიონში დადგენილი საარსებო მინიმუმის არანაკლები შემოსავლით უზრუნველყოს.

გარდა ამისა, სამუშაო პატენტის მიღებისას უცხოელმა ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ფიქსირებული წინასწარი გადასახადი უნდა გადაიხადოს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ყველა არასრულწლოვანი შვილისთვის.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიგრანტს სამუშაო პატენტს ან მუშაობის ნებართვას აღარ გაუგრძელებენ, რის შემდეგაც მან შვილებთან ერთად ქვეყანა 15 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს. რუსეთში დარჩენას მხოლოდ დროებითი ყოფნის სხვა კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შეძლებს.

მიგრანტების შვილებსაც, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, სამუშაო პატენტის გაფორმება მოუწევთ, ან ქვეყანა 30 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

მიგრანტებისთვის სახელმწიფო მოსაკრებლებიც იზრდება

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მიგრანტებისთვის სახელმწიფო მოსაკრებლებს მნიშვნელოვნად ზრდის:

რუსეთის მოქალაქეობის გაფორმებისას მოსაკრებელი 12-ჯერ — 4 200-დან 50 000 რუბლამდე იზრდება;

დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღებისას — რვაჯერ, 1 920-დან 15 000 რუბლამდე;

ბინადრობის უფლების მიღებისას — ხუთჯერ, 6 000-დან 30 000 რუბლამდე.

უცხოელის დასაქმების ნებართვის გაცემისთვის კი მოსაკრებელი თითოეულ ადამიანზე 15 000 რუბლი იქნება.

კანონის ძირითადი დებულებები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა. სახელმწიფო დუმამ ის მეორე და მესამე მოსმენით 8 ივლისს მიიღო. მოგვიანებით დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა, რის შემდეგაც ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.