“ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო მსვერპლი.14 წლის გოგონა ბავშვთა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მე–5 დღეა მკურნალობს. მას გვიან ღამით თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი უკვე 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას საკუთარი თავისთვის. შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მშობლებს ეჭვს უჩენდა, რომ მას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა.
„დედამისმა ერთხელ შენიშნა, რომ რაღაცას თამაშობდა და მისი დანახვისთნავე გათიშა, თუმცა ბავშვი რაიმე სახიფათო თამაშის თამაშს კატეგორიულად უარყოფდა. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ბავშვს ორჯერ დაეჯახა მანქანა, რაც დიდი ეჭვს ბადებს, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. ძალიან ბევრი რაღაც მიდის იქითკენ, რომ ბავშვს ნათამაშები აქვს „ლურჯი ვეშაპი”, – განაცხადა ბავშვის დეიდამ.
„9 ივნისს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 14 წლის პაციენტი კლინიკაში 112-მა შემოიყვანა. ბავშვი იპოვეს ბინაში, მას სავარაუდოდ, გული ჰქონდა გაჩერებული. მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. გოგონას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. გულის მუშაობა აღდგა და ამჟამად ბავშვი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ამ ეტაპზე მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”, – განაცხადა ექიმმა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.