20-21 ივნისის დარბევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მსხვერპლი პარლამენტთან აქციაზე პირველად მივიდა

სისხლიანი დარბევის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაშავებული გიორგი სულაშვილი დღეს პირველად დაბრუნდა იმ ადგილზე, სადაც 20 ივნისის ღამით, ანტისაოკუპაციო აქციაზე, ქართულმა სპეცრაზმმა პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაიმეტა. მკვლელი ნარინჯისფერი ტყვია, “რსუთავი 20”-ის თანამშრომელს, პირდაპირ თვალში მოხვდა.

ახლაც კარგად ახსოვს გასროლის ხმა და ძლიერი ტკივილი თვალში, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. თუმცა, უშუალოდ იმ მომენტში 28 წლის ახალგაზრდა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თბილისის ცენტრში, ანტირუსულ მიტინგზე, რომელსაც დარბევამდე ბოლო ნახევარ საათში შეუერთდა, მარცხენა თვალს დაკარგავდა და სახის ძვლები ჩაემსხვრეოდა.

ამბობს, რომ ეს გასროლა მისთვის მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ რუსთაველის გამზირზე იმ მომენტში ვითარება განმუხტული იყო. დღესაც უკვირს, რატომ გაუშვეს იმ მომენტში ცრემლსადენი გაზი და რატომ ესროდნენ ადამიანებს დამიზნებით, რატომ დასჭირდათ მომიტინგების დასახიჩრება. მაკო გომურის შემდეგ, გიორგი მეორე პაციენტი იყო, რომლსაც ურთულესი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

“რუსთავი 2”-ის თანამშრომელმა პირველადი შემოწმება მიუნხენში გაიარა. მარცხენა თავლის აღდგენა ვერ მოხერხდა, გიორგის აღარ აქვს ქვედა ქუთუთოს ნაწილიც. მის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ჩამსხვრეული ძვლების აღსადგენად იმპლანტები და პროთეზები არ გამოდგება, ამიტომ 28 წლის ახალგაზრდას სახეზე საკუთარი ძველები უნდა გადაუნერგონ.