საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.
20-21 ივნისს მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან. მოცემულ საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.