მოძრაობა 20/30-იანელები ფონდი ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარეს , ნიკოლოზ ჩხეტიანს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვენ, სანაცვლოდ კი სრულ მზადყოფნას აცხადებენ, საკუთარ თავზე აიღონ ბიძინა ივანიშვილის მტრების წინააღმდეგ კამპანიის წარმოება სოციალურ ქსელებში.
მათი განცხადებით, ,,ქართუსთვის” ამ წინადადებით მიმართვა განაპირობა იმან, რომ კომპანია ,,ფეისბუქის” ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანეს ბიძინა ივანიშვილის მტრებმა და წააშლევინეს სიმართლის დამცველი ასობით გვერდი.
,,უკანასკნელ დღეებში შექმნილი საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც კომპანია ფეისბუქის ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად იქნა შეცდომაში შეყვანილი ბ-ნი ბიძინას მტრების მიერ, რასაც შეეწირა სიმართლის დამცველი ათობით ადამიანის პროფილი და ასობით ფბ გვერდი თუ საინფორმაციო საშუალება,გადავწყვიტეთ შემდეგი წინადადებით მოგვემართა თქვენთვის:
ფონდის ქართუს ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, ორგანიზაცია 20/30 აცხადებს სრულ მზადყოფნას, საკუთარ თავზე აიღოს ბ-ნი ბიძინას მტრების წინააღმდეგ კამპანიის წარმოება სოციალურ ქსელებში! ყველას ვერ გაგვაჩუმებენ! სიმართლეს ვერ ჩაახშობენ! “,- აცხადებს მოძრაობა ,,20/30-იანელები”.