20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეს დათვების შესაჩერებლად საჭირო ტყვიამ თავის ტვინი დაუზიანა

უპრეცედენტო პროტესტის რამდენიმე მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

უკვე იდენტიფიცირებულია აქციის ის მონაწილე, რომლის ვინაობასაც უკვე ხუთი დღეა, ექიმები ვერ ადგენდნენ. ის დავით გრიგორიანია. გრიგორიანს 20 ივნისის სისხლიან ღამეს სპეცრაზმმა თავში დამიზნებით ესროლა. დათვებისთვის განკუთვნილმა ტყვიამ თავის ტვინი დაუზიანა, ამის გამო მას თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა.

გადაუდებელი ოპერაციის მიუხედავად, მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა, ამიტომ ალადაშვილის კლინიკიდან გრიგორიანი რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოჯახი მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა, თუმცა იმის გამო, რომ მათზე სავარაუდოდ ზეწოლა მიმდინარეობს, კამერების წინ არ საუბრობენ.

გრიგორიანის შესახებ ინფორმაციას და ზუსტ დიაგნოზს რეგიონულ ჰოსპიტალში, პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ ახმაურებენ. დათვების შესაჩერებლად საჭირო ტყვია დავით გრიგორიანს თავში მოხვდა და ტვინი დაუზიანა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტყვია თავის ტვინის იმ ნაწილიდან ამოიღეს, რომელიც მეტყველების აპარატს მართავს, ამიტომ მკურნალობის შედეგადაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია მისთვის მეტყველების უნარის აღდგენა.

ჯერ ისევ მძიმეა დავით ფარადაშვილის მდგომარეობა. ის, ასევე რეგიონულ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. ექიმები ამბობენ, რომ გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა ახალგაზრდა ჯერ ისევ კომატოზურ მდგომარეობაშია. ახალგაზრდა მამაკაცის მეგობრები მის სიცოცხლეზე ნერვიულობენ. ყვებიან, რომ დავითი მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა, რომელიც სამართალდამცველებს პროვოცირებას ვერ გაუწევდა. ამბობენ, რომ მასაც სხვების მსგავსად, დამიზნებით თავში სრულიად უმიზეზოდ ესროლეს და დღეს ის სიკვდილს რეანიმაციაში ებრძვის.

ეს ტყვია 22 წლის ლუკა პეტრიაშვილს სახიდან ამოუღეს. დღეს ის ვეღარ ლაპარაკობს. 22 წლის ახალგაზრდას, რომელიც რუსთაველზე რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა, მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა. ლუკას დედა გვეუბნება, რომ კამერის წინ ინტერვიუს მოცემა არ უნდა.

შედარებით უკეთესია დემეტრე ნაყოფიას მდგომარეობა. მას ექიმებმა თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს. დღეს მისი მეგობარი გვიყვება, რომ დემეტრემ პირველად დაინახა სინათლე, რაც მის ახლობლებს იმედს უტოვებს, რომ ახალგაზრდა მსახიობს მხედველობა აღუდგება.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს კლინიკებში 13 პაციენტი რჩება. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ორი ადამიანია შეერთებული.