შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის ღამეს დაკავებული 305 პირიდან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დანარჩენი დაჯარიმდა ან გააფრთხილეს. დაკავებულ ახალგაზრდებს ბორკილების ნაცვლად პლასტმასის ხამუტები უკეთიათ და პირდაპირ საპატრულო პოლიციის ეზოში წვანან. ვერც შენობის ეზოები და ვერც წინასწარი მოთავსების იზოლატორები დაკავებულებისთვის საკმარისი ვერ აღმოჩნდა და რეგიონებში გადაანაწილეს.
20 ივნისს დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შშმ პირია. სააპელაციო სასამართლოში მისი პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლომ გამოითხოვა ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ მელიქიძე პირველი ჯგუფის შშმ პირია. თუმცა, წესით, ეს დოკუმენტი პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეთხოვა, რომელმაც მელიქიძეს 13 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
სააპელაციო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, მაგრამ სხვა მსჯავრდებულების მსგავსად სასჯელის ვადა შეუმცირა და გაათავისუფლა.მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მან აღნიშნული პირის შესახებ თელავში სხვა დაკავებულების მონახულების დროს შეიტყო. ბრალდებულს ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და ითხოვდა გამაყუჩებლებს.
„საქალაქო სასამართლომ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას პირს არ მისცა ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა და შესაბამისად პატიმრობაში გაუშვა დაცვის უფლების გარეშე. ეს პირი ჩემი მხრიდან აღმოჩენილი იქნა თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც სხვა პატიმრებმა მთსხოვეს აუტანელი ტკივილების მქონე პატიმარი მომენახულებინა და რამენაირად მომეხერხებინა მისი ინტერესების დაცვა. მას ჰქონდა აუტანელი ტკივილები , ვერ იყუჩებდა ამ ტკივილებს, ჰქონდა წამლის მოთხოვნა, რაც მოგვიანებით დაუკმაყოფილდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მხრიდან და ერთადერთი, რასაც მთხოვდა, მე იყო ის, რომ მისთვის მიმეწოდებინა ტკივილგამაყუჩებლები და დამაძინებელი საშუალებები, რომ მომხდარყო რამენაირად მისთვის ამ ტკივილების შემსუბუქება,“ – განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა.