20 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

20 ივნისის ღამეს  მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს.ამის შესახებ  გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირზე იძალადა.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის გამოკითხულია ასეულობით პირი, მიმდინაროებს საქმეზე მოპოვებული ვიდეო-აუდიო მტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს გენერალური პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოცემული საქმის ფარგლებში მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული”, – განაცხადეს პროკურატურაში.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელზეც სამართალდამცველმა იძალადა, დავით ნიორაძეა.