“20 ივნისის ლაქას ვერანაირი სახელის ფსევდოგადარქმევით ვერ ჩამოირეცხავთ“–დავით ზურაბიშვილი გახარიას

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას პასუხობს, რომელიც თვლის, რომ 20 ივნისის ღამისთვის “გავრილოვის ღამის” დარქმევა არასწორია და ის სხვა ტერმინით უნდა შეიცვალოს. გახარიამ საპარლამენტო ფრაქციებთან მთავრობის დამტკიცებამდე გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ 20-21 ივნისის ღამე “პარლამენტის შტურმის ღამე“ იყო და ის ყველაფერს გააკეთებს ამ ტერმინის დასამკვიდრებლად.

დავით ზურაბიშვილი საპასუხოდ ფეისბუქზე წერს:

“20 ივნისის ღამეს გინდ პარლამენტის შტურმის ღამე დაარქვით, გინდ ყარსის ციხის, გინდ რაიხსტაგის, გინდ ზიმნი დვარეცის და გინდ სულაც ძლევაი-საკვირველი 2, ის მაინც გავრილოვის ღამედ დარჩება. იმიტომ დარჩება, რომ ამ ვაჟბატონის ჩამობრძანებას და პარლამენტის სპიკერის სავარძელში დაბრძანებას მოჰყვა საპროტესტო აქცია, რომელიც თქვენ სასტიკად დაარბიეთ, თვალები დათხარეთ აქციის მონაწილეებს, სხეულის დაზიანება მიაყენეთ ათეულობით ადამიანს და მთელი ღამე დასდევდით ხალხს პარლამენტისგან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე.

ესაა ფაქტი. დანარჩენი ყველაფერი კი არის თქვენი პიარშჩიკების მოგონილი ლეღვობა და კიდევ რა ლეღვობასაც არ უნდა გეუბნებოდნენ ეს ოთუზბირად დაქირავებულები (და ისინი აუცილებლად რაღაც ეგეთს გეტყვიან, რადგან გაუპრავებლის გაპრავება მხოლოდ ლეღვობით თუ შეიძლებაო, კონფუცის უთქვამს), 20 ივნისის ლაქას ვერანაირი სახელის ფსევდოგადარქმევით ვერ ჩამოირეცხავთ.
ჰო, აი, რახან შენ იტყვი, ტელევიზიები მეორე ხმას მოგაშველებენ და ტროლ-ბოტები კიდევ ბანს, ხალხს თვალი აეხილება და თქვენი სამ ხმაში ნამღერით მიხვდება, რომ თურმე გავრილოვის ღამე კი არ ყოფილა მაშინ, არამედ ვალპურგის ღამე ცოცხზე გადამჯდარი ნაციონალი ავსულებით… არ გამოვა ეგ ამბავი ზაუროვიჩ, რადგან სიყალბით რეალობის ხელოვნური გადაფარვა შეუძლებელია, რამდენიც არ უნდა იხტუნაოს მთელმა სახელისუფლო რესურსმა. ცხონებული ნუგზარ ჯუღელისა არ იყოს, აწი გინდა ახტი, გინდა დახტი, გავრილოვის ღამე მაინც გავრილოვის ღამეა.