20 ივნისის საქმეზე ბრალდებული, რომელიც ჯანმრთელობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, პატიმრობაში დატოვეს

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური პატიმრობაში დატოვა.

ჯიქური აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა. მოსამართლის განცხადებით, დაცვის მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ წარადგინა.

ჯიქურმა განაცხადა, რომ  ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, საპატიმრო დაწესებულებაში შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

“საბოლოოდ იქამდე მივალ, რომ ვეღარ ავდგები. გამოკვლევა მე არ მიტარდება. გაქცევას არ ვაპირებ და არაფერი. ოჯახი მყავს, შვიდი წლის შვილი, რომლის პატრონი არავინაა”, — განაცხადა მან.

ჯიქურის ადვოკატი პატიმრობის შინაპატიმრობით და გირაოთი შეცვლას ითხოვდა. მიის განცხადებით, ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია.

პროცესზე ჯიქურის მეუღლემ სიტყვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ უთხრა, რომ ის მხარე არ იყო  და  თხოვნას ვერ შეასრულებდა.

“მაშინ ის მაინც გაითვალისწიმეთ, რომ სახლში მშიერი შვილი მყავს” — განაცხადა  ჯიქურის ცოლმა.

შეახსენებთ, რომ ლევან ჯიქური 20 ივნისის საქმეზე დააკავეს. მას პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად.