20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური გირაოს სანაცვლოდ  გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, ვინაიდან პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მტკიცებულებებს უდაოდ სცნობს და ამას გარდა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს.