ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე
20-21 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შემდეგ რეგიონალურ ჰოსპიტალში განაგრძობს.
მის გარდა, რეგიონალურ ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული ოპერაცია კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარდა, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული 6 პაციენტი მკურნალობას ორ კლინიკაში განაგრძობს. მათი უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამი პაციენტი მკურნალობას “ნიუ ჰოსპიტალში” გადის, დანარჩენი კი – რეგიონალურ ჰოსპიტალში.
ავთანდილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ ხდება პაციენტების სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება. მისი თქმით, ორი სამართალდამცველი მკურნალობას თურქეთში გადის, რომელთაგან ერთ-ერთს ორშაბათს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.
თალაკვაძის განცხადებითვე, კიდევ იგეგმება ორი პაციენტის გაშვება საზღვარგარეთ – გერმანიასა და ისრაელში.