20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს ერთ-ერთ მოქალაქეს, ცოტნე ცოტნიაშვილს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. არხმა ადვოკატის მიერ მიწოდებული სამედიცინო დასკვნა გაასაჯაროვა, სამედიცინო დაწესებულება „ამტელ ჰოსპიტალის“ მიერ გაცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ:
“დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვენა წვივის არეში, დიდი წვივის უკანა არტერიის კუნთის ტოტის, კანჭის ნერვის და კუნთების დაზიანებით. წვივის რბილ ქსოვილებში ჩარჩენილი უცხო სხეულები”, — ვკითხულობთ მთავარი არხის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, რომელიც იმ დროს სამოქალაქო ფორმით პარლამენტის შენობასთან იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას უარყობს.
ფაქტს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
ცნობისთვის, ცოტნე ცოტნიაშვილს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.