გერმანიის საელჩომ ცოტა ხნის წინ განცხადება გავრცელა.
გერმანიის ელჩი საქართველოში ადასტურებს, რომ 20 ივნისს პარლამენტში იმყოფებოდა.
თუმცა, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით,აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიღებაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
“ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე. რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად,“ – აცხადებს გერმანიის ელჩი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტვ პირველზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა,რომ 20 ივნისს აქციის ღამეს უცხო ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი და უკრაინის ელჩი უარყოფენ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში ყოფნას.