“ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ გაგრძნობინონ, რომ შენ არ ხარ ადამიანი, რომ შენ ხარ პირუტყვი, საქონელი, რადგან კანონი დაარღვიე, შენ არ ხარ საზოგადოების წევრი. ” – აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და პრობლემებს აღწერს.
“მოგესალმებით, ესე იგი, დავიწყებ პირადი გამოცდილებით. 2026 წლის 24 აგვისტოს მე უნდა გადავსულიყავი სხვა საკანში. გავესაუბრე კორპუსის მთავარ ოფიცერს, გიორგი მახარობლიძეს, სადაც მან აღნიშნა, რომ პრობლემა არ არის, გადაყვანა მოხერხდება. 40 წუთში კარები გაიღო და მე გამოვედი საკნიდან, თუმცა სხვა საკნის მაგივრად გადამიყვანეს კარანტინში. გზაში მე ვკითხე E კორპუსის მთავარ ოფიცერს, გიორგი მახარობლიძეს, თუ რატომ ჩავყავდი კარანტინში. მან აღნიშნა შემდეგი სიტყვებით: “ეგრე აღარ ხდება, საკნიდან საკანში”, რაც არის სიცრუე. ასევე, მან თქვა: “ხვალ საღამოს გაგიშვებენ კორპუსზე”, ანუ კარანტინიდან ამომიყვანდნენ, რაც ასევე აღმოჩნდა სიცრუე. 30 აგვისტომდე ვიმყოფებოდი კარანტინში.
30 აგვისტოს საღამოს მე გამომიყვანეს კარანტინის საკნიდან და შემიყვანეს ოთახში, სადაც იმყოფებოდა სამი პირი. აქედან 2 პირი იყო გიორგი ხელაძე (უფროსის მოადგილე) და ვახო, თუ არ ვცდები, მის გვარი ჯავახიშვილია (ასევე მოადგილეა). ხელაძემ მკითხა: “არჩილ როდემდე უნდა იყო კარანტინში?” თითქოს, ჩემი ნებით ვიყო კარანტინში, მკითხა მიზეზი თუ რატომ მინდა გადასვლა. შემიყვანეს ისევ კარანტინის საკანში, კვირა დღე იყო. 1 კვირა კარანტინში ვარ, არავისთვის არ დამირეკავს და მშვენივრად იცოდნენ, რომ ორშაბათს ჩემთან ადვოკატი მოვიდოდა, რადგან ჩემები გაფრთხილებული მყავს, თუ არ დავრეკე, ესე იგი, რაღაც დამემართა. 30 წუთში კვლავ გამომიყვანეს კარანტინის საკნიდან, შემიყვანეს ისევ იმ ოთახში, სადაც მხოლოდ გიორგი ხელაძე იყო და დამისვა კითხვა -“რა მოგიხერხო არჩილ?” ასევე, მან მითხრა რომ წერას შევეშვა, ანუ ციხის პრობლემებზე, რომლებიც მეც მეხება, არ მესაუბრა საჯაროდ. მე ვუთხარი მას: არ შემეხონ და არ შევეხები. “არავინ შეგეხება თუ რამე პრობლემაა მე მითხარი” – თითქოს, არ იცოდნენ რა პრობლემებია, თუნდაც ის, რომ 7 დღეა კარანტინში ვარ უკანონოდ.
ისარგებლეს იმით, რომ ჩემი ნებით გამოვედი საკნიდან და ხელში ჩავუგდე თავი, თავიანთი ჭკუით დამსაჯეს. ის კი არ იციან, რომ რაც არ მკლავს, ის მაძლიერებს. 7 დღეში 3-ჯერ დაიშალა კარანტინი, ანუ პატიმრები გაანაწილეს კორპუსებზე. ესეც იმიტომ, რომ ადგილები აღარ იყო კარანტინში, იმდენ ხალხს იჭერენ, მართლმსაჯულება სრულიად ჩამოშლილია. არ იყენებენ ალტერნატიულ სასჯელს, გარდა პატიმრობის. მე-4 დაშკაში მეც მომაყოლეს. 3 სექტემბერს მორიგე ოფიცერმა მომაწოდა კორესპონდენცია, რომელიც იყო გახსნილი, ანუ გაჩხრეკილი. მოვითხოვე გიორგი ხელაძესთან შეხვედრა, რადგან მან პირობა მომცა, პრობლემას მოაგვარებდა, ოღონდ განცხადებები არ მეწერა ზემდგომებთან და არ მესაუბრა ტელევიზიებში პრობლემების შესახებ, მაგრამ გიორგი ხელაძე შვებულებაში აღმოჩნდა, როგორც ოფიცერმა მითხრა. მოვითხოვე სხვა მოადგილეებთან შეხვედრა, თუმცა ამაზეც უარი მივიღე. ანუ, “არჩილ პრობლემებს კი მოვაგვარებთ, მაგრამ არ გვინდა, რომ პრობლემის შესახებ ვიცოდეთ, მაგრამ შენ მაინც ჩუმად იყავი, ჩაყლაპე შეურაცხყოფები”. ამის მერე, 11 სექტემბერს, მომაწოდა კვლავ იგივე ოფიცერმა (ლაშა ჰქვია ამ ოფიცერს, გვარს არ დავწერ, რადგან მეცოდება) გახსნილი კორესპონდენცია, ოღონდ მარტო გახსნილი არ იყო, წერილი იყო ამოღებული, ანუ ცენზურა დაამკვიდრეს? ისე გათავხედნენ, რომ გახსნა და ჩხრეკა-შინაარსის გაცნობა არ კმარა, ფურცლების ამოღება დაიწყეს, კვლავ მოვითხოვე მოადგილეებთან შეხვედრა, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მე ყველანაირად ვცადე, მშვიდობიანად მომეგვარებინა აღნიშნული პირობები აფიშირების გარეშე, თუმცა უკუკავშირი ციხის ადმინისტრაციისგან ვერ დავინახე, ამიტომ კვლავ გადავწყვიტე ციხის პრობლემებზე ღიად მესაუბრა, რადგან პატიმრებიც ადამიანები არიან, საერთო პრობლემები ყველა პატიმარს ეხება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.
თქვენ ყოფილხართ ისეთ სარდაფში, საიდანაც ფიზიკურად ვერ გამოხვალთ და გიწევთ იქ ყოფნა, სადაც კანალიზაციიდან განავალი ამოდის? ახლა ვსაუბრობ კარანტინზე, საპირფარეშო მილიდანაც და ნიჟარიდანაც განავალი ამოდის პატარა წვიმის დროსაც, წვიმა რომ მთავრდება განავალის ვულკანიც მთავრდება. თავად ნიჟარა საპირფარეშოში არ არის, 1 ნიჟარაა და საერთო ოთახშია საკანში. წვიმა რომ დამთავრდა, ხომ არ გგონიათ, სხვა საკანში გადაგვიყვანეს? არა, რადგან გადასაყვანად ადგილები არ იყო. კანალიზაციის წყალი იმ სარდაფშივე შრებოდა და ჩვენ, პატიმრები, ამას ვსუნთქავდით. მთელი დღე რომ გავიდა უკვე, ჩვენ დავუძახეთ კარანტინის მორიგეს და ვთხოვეთ, რომ სხვა მშრალ საკანში გადავეყვანეთ, რომ გაუსაძლისია აქ ყოფნა. მორიგემ უხეშად გვითხრა: “მე რა ვქნა“ და ასევე უხეშად და ხმაურიანად სახის წინ დახურა რკინის სარკმელი. რომ წარმოიდგინოთ როგორი სიტუაცია იყო, გეტყვით, ყველას ფეხებზე ეკიდა პატიმრები, ყველას ერთი სული ჰქონდა, ცვლა გადაებარა, მხოლოდ მაშინ შეწუხდნენ, როდესაც ჩვენი საკნიდან კანალიზაციის წყალმა დერეფანში გადასხმა დაიწყო. კარების ჩარჩო 5სმ იყო, წყალმა რომ გადასხმა დაიწყო მხოლოდ მაშინ შეწუხდნენ თანამშრომლები, 20 წუთი ვერ გაუძლეს, ჩვენ კი 2 დღე 6 ადამიანი მანდ გვამყოფეს. ფართობით 40%-ით პატარაა, ვიდრე 6 კაციანი საკანი. გადაგვიყვანეს სასამართლოების მოსაცდელ საკანში, ე.წ. „ბოქსებში“, რადგან კარანტინი გადაჭედილია და ადგილები არ იყო. იქ ვიყავით, სანამ სპეციალიზებული ადამიანი საკანს ამშრალებდა. და ასე ხდება ყოველ წვიმის დროს.
როცა კარანტინში ხარ, ყველაფრის ყიდვა გეკრძალება, გარდა წყლის, სიგარეტის, ასანთის და საპირფარეშო ქაღალდის. კარცერშიც იგივეა, უბრალოდ კარცერში მარტო ხარ და წიგნებიც შეიძლება. ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ კარცერში უკეთესია ვიდრე კარანტინში. კარანტინში გდია 6 ლეიბი და 6 ბალიში, რომელიც ძალიან ბინძურია, ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბინძურია. მატყლის ლეიბია და ათასჯერ დაშარდული, ათასადამიანგამოვლილი, ტარაკნები ყველა ჯიშის, ყველა ზომის და ყველა სახის, ფიზიკურად ვერ დაიძინებ, ვირთხები რომლებიც საპირფარეშოდან ამოდიან-ჩადიან. ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ გაგრძნობინონ, რომ შენ არ ხარ ადამიანი, რომ შენ ხარ პირუტყვი, საქონელი, რადგან კანონი დაარღვიე, შენ არ ხარ საზოგადოების წევრი. კარანტინში არ შეიძლება ტანსაცმელი, დეზინფექციას არ გიტარებენ, არ გაბანავებენ, როგორც ნომერს, ისე გექცევიან. შენ არ ხარ ადამიანი, როგორც საგანს, ისე გამწყვდევენ.
კარანტინში დასჯის მეთოდს იყენებენ „დეესკალაციას“. დასჯის მეთოდი ელემენტარულია, სტრესულ მდგომარეობაში ადამიანის პროვოცირება უადვილესია. ზოგი ვერ იტანს ასეთ პირობებს და როცა ითხოვს ადამიანურ მოპყრობას, თანამშრომლების აგრესიას ღებულობს, უზრდელობას, დამცირებას. ღირსებამოყვარე ადამიანი უწევს ტონს, ეს სავსებით საკმარისია, რომ თანამშრომლებმა დაიწყონ ღრიალი, გინება და შემდგომ დეესკალაციაში უშვებენ საწყალ პატიმარს. დეესკალაცია არის შეურაცხადი პატიმრებისთვის. შიდა სივრცე მთლიანად გადაკრულია რბილი ნაჭრით ისე, რომ პატიმარმა თავი ვერ დაიზიანოს, მასიური კარები ხმის იზოლაციით და კარების გვერდზე ბრონირებული გამჭვირვალე შუშა, ზომით 50×30სმ, რომ თანამშრომლებმა გიყურონ, რას აკეთებ. ძირს გდია რეზინის მყარი ლეიბი. მანდ მჯდომ პატიმარს ვიცნობ, რომელმაც მომიყვა, რომ ბრონირებული შუშიდან პერიოდულად გაბოროტებული თანამშრომლები აკაკუნებენ, ეკაიფებიან და შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ, ცდილობენ, რომ დანებდე და გატყდე. სიგარეტს არ აწევინებენ, თუ შეეხვეწები, 3 ღერს მოგაწევინებენ დღეში. დილის საკვებს შუადღეს აჭმევენ, გაყინულს, შუადღისას საღამოს, საღამოს საკვებს არ აჭმევენ. მანდ თუ მოხვდი, ესე იგი, რომ გამოხვალ ან პაემანი გაქვს აკრძალული 1 თვით ან დარეკვა 1 თვით, ან მაღაზია ან ამანათები.
ზოგადად, სიტყვა კარანტინი გვაფიქრებს სივრცეზე, სადაც უმაღლეს დონეზე არის სისუფთავე, დეზინფექცია და ა.შ. დაჭერილი პატიმრები კარანტინში დეზინფექციას კი არ გადიან, პირიქით, იქ იკიდებენ დაავადებებს. მეც იქ 7 დღე რომ გავატარე, სიცხე მომცა. კორპუსზე რომ ამომიყვანეს, 2 დღე ვითხოვდი წამალს, პარაცეტამოლს. ვითხოვდი ექიმთან გასვლას. რადგან დრო გაიწელებოდა, ოფიცრები არ ეუბნებოდნენ ექიმ, რომ წამალი მინდა. როგორც იქნა, მესამე ცვლამ გამიყვანა ექიმთან, სიცხე გამიზომეს, 38,6 მქონდა და მომცეს პარაცეტამოლი. ნემსზე უარი ვთქვი, ზოგადად, პატიმრების ძალიან დიდი რაოდენობის გამო კი არ ხერხდება დროული სამედიცინო მომსახურების მიღება, არა, ვერ ხერხდება. ძალიან ბევრი პატიმარია, კორპუსს ჰყავს ერთი ექიმი, რომელიც მიდის საღამოს 5 საათზე. ამ დროში მან უნდა ნახოს უამრავი პატიმარი. ხშირ შემთხვევაში ექიმის ნახვა უარყოფილია დღეების მიხედვით, მაგ: ორშაბათი-ოთხშაბათი, სამშაბათი-ხუთშაბათი, პარასკევი. დღეების და სართულების მიხედვით, ორშაბათს და ოთხშაბათს მას აბარია ერთო სართულის ორი ფლიგელი 400-500 პატიმარი, აქედან მინიმუმ 100-200 პატიმარს სურს ექიმის ნახვა. ფიზიკურად ექიმი ვერ აუდის ამხელა მასას. ძალიან რთულ რეჟიმში უწევთ ექიმებს და ექთნებს მუშაობა. აქვე უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ. არ არსებობს ცუდი ექიმი, არსებობს დაღლილი ექიმი. როცა ექიმი მიდის, სართულის ორივე ფლიგელზე რჩება ექთანი. 1 ექთანი ამხელა მასის პირისპირ მთელი ღამის პერიოდში. ზოგს წნევა აქვს, ზოგს კუჭი სტკივა, ზოგს სიცხე [აქვს], ზოგს სახსრები სტკივა და თითო პატიმართან უნდა მივიდეს და მიაწოდოს ის მედიკამენტი, რაც მას გააჩნია. უმეტეს შემთხვევაში პატიმართან იმიტომ არ მიდის თავის ტკივილის წამალი, რომ ცვლის მორიგეს ან ავიწყდება, ან ეზარება მივიდეს და ექთანს უთხრას ამის შესახებ. ზოგჯერ ექთანსაც ავიწყდება, რომ 118 საკანში თავის ტკივილის წამალი უნდათ, რადგან ამ მომენტში 110 საკნიდან პატიმარს წნევას უზომავს, შემდეგ კი 112 საკნიდან პატიმარი უნდა შემოიყვანოს და სიცხე გაუზომოს.
თუ პატიმარს დახმარების მოლოდინში ნერვები აეშალა და კარებს დაარტყა რომ მას ყურადღება მიაქციონ, მაშინ მას აკიდებენ აკრძალვას ან დარეკვის, ან პაემნის და ა.შ. თუ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მას რაღაცის აკრძალვა მისცეს, წამებში ისეთ რაღაცას ეტყვიან, რომ მანდვე დაიწყებს ჩხუბს და შემდეგ დააკარცერებენ ან საკანში შემოვა და სიმწრისგან საპირფარეშოში ბრიტვით ვენებს გადაიჭრის, შემდეგ გადაუხვევენ ხელს და მაინც კარცერში გაუშვებენ და აღუძრავენ სისხლის სამართალს. თანამშრომლების 100% დან 70% არ იცის როგორ უნდა ესაუბრონ პატიმრებს. ტრენინგების დროს სძინავთ ან საერთოდ გსმენიათ, რომ ტრენინგები ტარდებოდეს? თანამშრომლები იყოფიან ორ კატეგორიად: პირველი კატეგორიაა კვალიფიციური თანამშრომელი, ხოლო მეორე – სწრაფად აყვანილი შპანა, კარების გაღებისა და დაკეტვის მეტი მათი ტვინი არ მუშაობს. ზუსტად ასეთი არშემდგარი მოძველბიჭო თანამშრომლების გამო ხდება პატიმრების 95%-ის [მიმართ] უსამართლო მოქცევა და დასჯა.
6-7 თვის წინ მე აღმომაჩნდა ყელის სოკო. გამომიწერეს მედიკამენტები, რომლებმაც არ მიმკურნალა, თუმცა შემიჩერა. 2 თვე ვითხოვდი ყელ-ყურის ექიმს. გლდანის ციხეს 1 ყელ-ყურის ექიმი ჰყავს. როგორც იქნა, შემახვედრეს ამ კაცთან, დამპირდა, რომ კვლავ გამომიწერდა მედიკამენტებს, რომელიც თუ არ მიმკურნალებს, შემიჩერებს სოკოს, თუმცა 1 თვე გავიდა და მედიკამენტები არ არის.
ყელის სოკოს აკიდება შესაძლებელია: ნესტიან საკანში კედლებზეც სოკო რომ არის, ასეთ საკანში მუდმივმა ყოფამ, ასეთი საკნები აბანოს გვერდით მყოფი საკნებია, ასევე ბინძური საკვებით.
რაც შეეხება საკვებს, რაც “ილი ჯგუფი” გააგდეს პატიმრების კვების მომარაგებიდან, ვადაგასული, აყროლებული სოსისი და ვადაგასული, ჭიანი თევზი აღარ მოდის. აქ უკვე იკვეთება სასადილოს პრობლემები (აქ პატარა შესწორება ტელევიზიებს: „პაშტეტი“ საკვებში არ არსებობს, არავინ აჭმევს პატიმრებს პაშტეტს. მისი შეძენა მხოლოდ მაღაზიიდან არის შესაძლებელი პირადი ხარჯებით. ასე რომ ჭიანი პაშტეტი არ არსებობს. თუ არსებობს, ის მაღაზიაშია, რომლის შეცვლა შესაძლებელია). პატიმრების გადაჭარბებული რაოდენობის გამო სასადილოს თანამშრომლები ვერ აუდიან ამდენ უნციის პორციების დამზადებას. კვლავ უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო, უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, რომელიც ჭუჭყიანია, ჭიანია და უმია (ზოგადად კარტოფილს ყველა კერძისთვის ერთად ხარშავენ და მერე ანაწილებენ ეგრეთ წოდებულ სხვადასხვა კერძებში), ჰოდა თუ ერთ კერძში კარტოფილი უმია და ჭუჭყიანი, ესეიგი მთელი დღის განმავლობაში რა საკვებიც არ უნდა მოვიდეს და თუ მანდ კარტოფილია, ის მოუხარშავია და უმია, ასევე ჭუჭყიანი. კვლავ ლობიოში კენჭები, კვლავ მოხარშული ჭუჭყიანი წიწიბურა, ანუ ყველა ბურღულეულს ეგრევე ტომრებიდან ქვაბში ყრიან თავის მტვრიანად და ხარშვისას წყალს არ უცვლიან. ამიტომაა, რომ პატიმრების უმრავლესობას კუჭნაწლავის პრობლემა აქვს. რაც მთავარია, ეს არის „კოტლეტი“, ვერ გაიგებ, რისი ხორცია, გარედან დამწვარი, შიგნიდან უმი (რადგან ვერ ასწრებენ) და საშინელი სუნი, რაც მას აქვს. თქვენ თვითონ დაფიქრდით, საბავშვო ბაღებში ბავშვები იწამლებიან და თქვენ გგონიათ, რომ სადამსჯელო დეპარტამენტი იზრუნებს – ზრუნავს პატიმრებზე? ღმერთმა არ ქნას, პატიმრები მასიურად მოვიწამლოთ, ჩვენი პატრონი არავინ იქნება. 400 კაცს ერთი ექიმი ვერ აუვა და უმეტესობა ვცდილობთ, გამოვიკვებოთ მაღაზიით და ამანათებით. სადამსჯელო დეპარტამენტი (პენიტენციური სამსახური) თავდაცვისთვის იყენებს არგუმენტს, რომ თანამშრომლებიც და ექიმებიც იკვებებიან აღნიშნულ სასადილოდან, თუმცა მალავს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს. სტაფისთვის საკვები მზადდება ცალკე და მაღალი ხარისხით, არ ამზადებენ 3600 ულუფასთან ერთად, არამედ ცალკე 300 ადამიანისთვის. ადმინისტრაცია თავისთვის ცუდს არ დაამზადებს.
და ბოლოს, თუ გაშუქდა აქედან რამე, პენიტენციური სამსახური ფეისბუქ პოსტს გამოაქვეყნებს, სადაც დაწერს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია. დაწერს, რომ პატიმართა კვება შედგენილია ექიმების მიერ და მის კალორაჟობას მიუთითებს (ჩემი საყვარელი თავის მართლებაა) და ბოლოს ის, რომ აჟიტირებულები ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას, მაგრამ მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომელიმე უწყება აღიარებს იმას, რომ დალაგებული არ აქვს რაღაც-რაღაცეები? თუ მე ვცრუობ, მაშინ საპირისპირო დაამტკიცონ, იქნებ ცილს ვწამებ?”- ნათქვამია წერილში.


