შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გახსნა. მემორიალი ყველა მებრძოლსა და მოქალაქეს ეძღვნება, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, მემორიალი ყვავილებით შეამკო და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მცირეა ეს მემორიალი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ხალხისთვის და ჩვენი ამოცანა და ძირითადი მოვალეობაა გვახსოვდეს, ვიზრუნოთ პირველ რიგში მათ ოჯახებზე, ვიზრუნოთ მათ კუთხეზე და რაც მთავარია, 24 საათი ვიშრომოთ იმისთვის, რომ შრომით, მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ და ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. დრო არ დავხარჯოთ იმის მტკიცებაში და იმის ახსნაში, სამშობლო ვის უფრო უყვარს, ვინ დაიწყო ომი, ვინ არის ოკუპანტი და სად არის გამყოფი, საოკუპაციო ხაზი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, სად არის ეს ხაზი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს მიწაზე ომს ვერ დაიწყებ და ყველამ კარგად ვიცით, რომ ხაზი, რომელიც აქ არის, არის საოკუპაციო ხაზი. ეს მემორიალი არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი იდეა და თქვენი დამსახურება. მინდა ქედი მოვიხადო თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის გაკვეთილი არის ის გაკვეთილი, რომ ომი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის შრომა. გამოსავალი არის უკეთესი, განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და გამოსავალი არის ჩვენს შვილებზე, მათ მომავალზე და პირველ რიგში, დაღუპული ვაჟკაცების შვილებზე ზრუნვა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.