აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებით მე-4 დონის (უმაღლესი) სამგზავრო გაფრთხილება კიდევ ერთხელ განაახლა. ვაშინგტონი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია და თავი შეიკავონ იქ გამგზავრებისგან. ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება ციმბირში, ირკუტსკის ოლქში, პნევმონიური (ფილტვის) ჭირის სავარაუდო ფატალურ შემთხვევასა და მასთან დაკავშირებულ მასშტაბურ საკარანტინო ზომებს უკავშირდება.
ინციდენტი ირკუტსკის ანტიჭირის კვლევით ინსტიტუტში მოხდა, სადაც 28 წლის ლაბორანტი, რომელიც ამ დაავადებას სწავლობდა, ფილტვების მძიმე ანთებით გარდაიცვალა. შემთხვევის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ საავადმყოფოების ნაწილი ჩაკეტა და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოაქცია გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი. მოსკოვში აშშ-ის საელჩომ სპეციალური ჯანდაცვის გაფრთხილება გამოსცა. დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ ვაშინგტონს შეზღუდული შესაძლებლობა აქვს დაეხმაროს ამერიკის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მოსკოვის გარეთ.
თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკული მხარე ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის რუსეთს დაავადების მართვაში დაეხმაროს და უახლოეს პერიოდში გეგმავს ამ საკითხზე ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებას. ამასთანავე, ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და ღიად გააზიაროს ზუსტი ინფორმაცია მიკრობის შტამისა და გავრცელების რეალური მასშტაბების შესახებ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განმარტებით, ამ ეტაპზე თავად ამერიკისთვის პირდაპირი მასშტაბური საფრთხე არ იკვეთება.
პნევმონიური ჭირი შავი ჭირის ყველაზე იშვიათი და აგრესიული ფორმაა. ის ჰაერწვეთოვანი გზით, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და მკურნალობის გარეშე 18-24 საათში ფატალურია. რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის ორგანოები ამ დრომდე უარყოფენ, რომ ლაბორანტის სიკვდილი უშუალოდ შავმა ჭირმა გამოიწვია, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები ციმბირში მიმდინარე პროცესებს დიდი სიფრთხილით აკვირდებიან.


