აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი, გასულ კვირას სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გონზე მოვიდა და უკვე ლაპარაკობს, — აცხადებენ მისი ადვოკატები.
50 წლის პაიკი საავადმყოფოში, ხელბორკილებით მიჯაჭვული, კვლავ აგრძელებს კრიტიკული სამედიცინო დახმარების მიღებას, — ნათქვამია მისი დამცველების მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
პაიკი, რომელსაც სიკვდილით დასჯა 1995 წელს კოლინ სლემერის მკვლელობისთვის ჰქონდა მისჯილი, გასულ ოთხშაბათს ტენესის შტატში ორ წარუმატებელ ლეტალურ ინექციას გადაურჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეების განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, სანამ მედპერსონალი მისი ორგანიზმიდან შეყვანილ ქიმიურ ნივთიერებას გამოდევნიდა.
ექსპერტები და მისი იურიდიული გუნდი აცხადებენ, რომ პატიმრის გამოჯანმრთელება უპრეცედენტო შემთხვევაა. მიიჩნევა, რომ ის ერთადერთი ადამიანია ისტორიაში, ვინც ლეტალური ინექციის შეყვანას გადაურჩა.
ადვოკატების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პაიკი კონტაქტურია, მისი ჯანმრთელობის გრძელვადიანი პროგნოზი კვლავ ბუნდოვანი რჩება და მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდება. მომხდარი ინციდენტის გამო, ტენესის შტატის გუბერნატორმა წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილი სიკვდილით დასჯა შეაჩერა, ხოლო საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარეობს.
პარალელურად, პაიკის ადვოკატები სასამართლოში გეგმავენ გამოსვლას, რათა მოითხოვონ სიკვდილით დასჯის განაჩენის სამუდამო პატიმრობით შეცვლა, რადგან მათი თქმით, წარუმატებელი პროცედურა აშშ-ის კონსტიტუციით აკრძალულ „სასტიკ და უჩვეულო სასჯელს“ – წამებას უთანაბრდება.


